დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი აზერბაიჯანის მოქალაქეების, მამა-შვილ დაშგინ და ორხან აღალარლებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. სასამართლოში მათ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იუდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავდა.
დაშგინ და ორხან აღალარლების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 2014 წლიდან იცავს. 2015 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაუსაბუთებელი უარი უთხრა დაშგინ და ორხან აღალარლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მათი საქართველოში ყოფნა თითქოს საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას და სახელმწიფოს ინტერესებს. გადაწყვეტილებაში არ იყო დასაბუთებული უარის თქმის მიზეზები და ის საფრთხეები, რის გამოც მათ უარი ეთქვათ სტატუსის მიღებაზე. სამინისტროს გადაწყვეტილებაში, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ და ორხან აღალარლები შეიძლება, დაექვემდებარონ პოლიტიკურ დევნას, წამებას და სიცოცხლის მოსპობას, მეორე მხრივ კი, სამინისტრო მაინც უარს ეუბნებოდა მათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის "მუსავათის" წევრი, რომელიც წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანში ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო. 2013 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაშგინ აღალარლის, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით, ბრალად დასდო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება იმ პერიოდზე, როცა იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. ხოლო დაშგინ აღალარლის ვაჟის ორხან აღალარლის სოცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა აზერბაიჯანში მამის საქმიანობის გამო.
დაშგინ აღალარლი 2014 წელს დააკავეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოსათვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ წამებას და პოლიტიკურ დევნას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დაშგინ და ორხან აღალარლების მოთხოვნა – ბათილად სცნო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაავალა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ორხან და დაშგინ აღალარლებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ.