შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ლანჩხუთის კლინიკაში, გასულ შაბათს, პაციენტებს უფასოდ მოემსახურა დედაქალაქიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი. მედიკოსთა ვიზიტი დაანონსებული იყო და ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასურველ ექიმებთან კონსულტაციაზე მოხვედრის მსურველებს, სატელეფონო ზარის საშუალებით შეეძლოთ დარეგისტრირება.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლანჩხუთში პაციენტებს ექიმები უფასოდ მოემსახურებოდნენ და შესაბამის კონსულტაციას გაუწევდნენ, მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რომ ამ აქციის უკან სახელისუფლებო გუნდი იდგა და მიზნად ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავდა _ კერძოდ, ადგილობრივი ოპოზიციური სპექტრი პარლამენტარ თემურ ჩხაიძეზე მიუთითებდა. მათი თქმით, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს დავალებული ჰქონდათ, მოეხდინათ მხარდაჭერთა მობილიზება და ჩამოეყვანათ ლანჩხუთის კლინიკაში ექიმთან მიღებაზე.
დედაქალაქიდან საქველმოქმედო მიზნით ჩამოსულ ექიმებს მათივე კოლეგა _ წარმოშობით ლანჩხუთელი თაზო ორაგველიძე ხელმძღვანელობდა. წინასწარ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, 11 სხვადასხვა მიმართულების ექიმის სტუმრობა იყო დაგეგმილი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ აქციაში მონაწილეობა გაცილებით მეტმა ექიმმა მიიღო.
18 მაისს, "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკას" ვეწვიეთ, სადაც შევხვდით ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში თემურ ჩხაიძეს, რამდენიმე სამსახურის უფროსთან და მათ თანამშრომლებთან ერთად.
პარლამენტარმა ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო, როგორც მისი პირადი, ასევე, ხელისუფლების რაიმე სახის კავშირი ამ საქველმოქმედო აქციასთან და მისი იქ ყოფნაც შემთხვევითობით ახსნა:
"სიდედრი იყო ჩაწერილი 12 საათისთვის თვალის ექიმთან ვიზიტზე და მოვიყვანე. მე გეტყვით რაშია საქმე _ ბატონი თაზო არის წარმოშობით ლანჩხუთელი. ძალიან შეტკივა აქაურობაზე გული და მიიღო გადაწყვეტილება, საქველმოქმედო მიზნით ჩამოსულიყო მშობლიურ რაიონში. ეს საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება და არც ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავს მიზნად. ბატონმა თაზომ ყველაფერი საკუთარი ხარჯებით გააკეთა _ არანაირი პარტია არ დგას მის უკან", _ გვითხრა თემურ ჩხაიძემ.
აღმოჩნდა, რომ თვალის ექიმთან იყო მიღებაზე ჩაწერილი ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დირექტორი მინდია დვალიშვილიც:
"არანაირი პოლიტიკა. გავიგე, ექიმები ჩამოდიოდნენ, თვალის ექიმთან მიღებაზე ჩავეწერე და აქ იმიტომ ვარ", _ გვითხრა დვალიშვილმა.
არადა, ჩვენი წყაროს თქმით, მინდია დვალიშვილს საკმაოდ ახლო ურთიერთობები აქვს თაზო ორაგველიძესთან და მისი წილი დამსახურებაც საკმაოდ დიდია ექიმთა ამ ვიზიტში. თაზო ორაგველიძესთან ახლო ურთიერთობას დვალიშვილი თავადაც ადასტურებს: "თაზოსთან ნათელმირონობა მაკავშირებს და ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზიც ესაა".
შედარებით ფართო მასშტაბით იყო წარმოდგენილი ა(ა)იპ "ლანჩხუთი ტექსერვისი". ამ სამსახურის უფროსი ირაკლი ჩხაიძე ყველანაირად ცდილობდა, ფოტოობიექტივს გაქცეოდა და გვიხსნიდა, რომ მას არც თვალი აწუხებდა და არც გული, უბრალოდ იყო მოსული. სამაგიეროდ, ჩხაიძის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე არ დაგვმალვია, გვითხრა რომ კარდიოგრამა გადაიღო და ახლა ორაგველიძესთან კონსულტაციის მისაღებად აპირებდა შესვლას.
კლინიკის მისაღებში ა(ა)იპ-ებსა თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულ პირთა გარდა სოფლიდან ჩამოსული მოქალაქეებიც იცდიდნენ. მათი თქმით, ექიმთა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაზეთის საშუალებით გაიგეს:
"გაზეთში წავიკითხე, რომ მაღალკვალიფიციური ექიმები აპირებდნენ ჩამოსვლას და უფასო გასინჯვები იქნებოდა. მერე რამდენიმე მეზობელსაც ვუთხარი და ჩამოვედით. ველოდებით, როდის მოგვიწევს რიგი. ნამდვილად არ ვიცი, რომელი პოლიტიკური ძალა დგას ამ ყველაფრის უკან და არც მაინტერესებს. ისე, ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება _ ჩამოდიან ექიმები და უფასო კონსულტაციას გვიწევენ, მოსახლეობაც ვსარგებლობთ მომენტით", _ გვითხრა 86 წლის ქალბატონმა, რომელიც სოფელ აცანიდან იყო ჩამოსული.
სამწუხაროდ, ლანჩხუთში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ან საერთოდ ვერ შეძლეს ტელეფონის მითითებულ ნომერზე დარეკვა, ან სასურველ ექიმთან მიღებაზე ვერ მოხვდნენ:
"განცხადების გამოქვეყნებისთანავე დავრეკე, მაგრამ მითხრეს, რომ ადგილები შევსებული იყო და ვერ ჩამწერდნენ მიღებაზე. როგორც ჩანს, ახლობლებისა თუ ვიღაცეების წრეში წინდაწინვე მოხდა ჩაწერა და გაზეთში, უბრალოდ, ფორმალობისთვის გამოაქვეყნეს", _ ამბობენ უკმაყოფილო ადამიანები.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც ლანჩხუთში ჩამოსულ ექიმებთან ვიზიტზე ჩაწერა ვერ მოახერხა, საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გია გოგუაძეა, რომელიც ლანჩხუთში ექიმების ვიზიტს ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტად მიიჩნევს: "თაზო ორაგველიძე ჩემი მეგობარია და სამედიცინო დახმარების კუთხით ხშირად ვყოფილვარ მასთან. როცა გავიგე, რომ ჩამოსვლას აპირებდა თავის მეგობრებთან ერთად, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩავწერილიყავი მიღებაზე, თუმცა, ტელეფონის ნომერზე, რომელიც გაზეთში იყო მითითებული, არ მპასუხობდნენ. უბრალოდ, თაზო შეცდომაშია შეყვანილი, ის პოლიტიკით არ არის დაინტერესებული და დარწმუნებული ვარ, მან არც კი იცოდა, რას ისახავდა მიზნად მისი აქ ჩამოსვლა. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ჩამოვიდეს და უანგაროდ გასინჯოს მოსახლეობა, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში ეს არავის გახსენებია, მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნოდ გაიხსენეს. წინასაარჩევნო რეჟიმი კრძალავს ამგვარ ღონისძიებებს, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატი ან ხელისუფლების სხვა რომელიმე წარმომადგენელი ლობირებს. ყველაფერ იმას, რაც საავადმყოფოში ხდებოდა, კანონი შესაბამის რეაგირებას მისცემს", _ ამბობს გია გოგუაძე, რომელსაც, რატომღაც დაავიწყდა, რომ მსგავს აქციებს "ნაციონალური მოძრაობაც" ხშირად მიმართავდა _ მაგალითად, 2012 წელს, სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ, ხორციელდებოდა საპრეზიდენტო პროგრამა _ "ღიმილიანი საქართველო". პროგრამა მოსახლეობისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ისახავდა მიზნად: "საქართველოში მცხოვრებ 50 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს კარგი კბილები და ვარსკვლავური ღიმილი უნდა ამშვენებდეს!" _ ამბობდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ლანჩხუთში ექიმთა ვიზიტს და უფასო გასინჯვებს ჩვენთან საუბარში პოლიტიკას არ უკავშირებს თავად თაზო ორაგველიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ აქციას საკუთარი სურვილით გაუკეთა ორგანიზება:
"არანაირი პოლიტიკა და არც არავის მოწვევით ჩამოვსულვარ. ყველაფერი საკუთარი ხარჯებით გავაკეთე და მეგობრებთან ერთად, ლანჩხუთში ჩამოვედი, რომ მოსახლეობისთვის უფასო კონსულტაციები გამეწია. ბოდიში, ძალიან დაკავებული ვარ და ეს არის, რისი თქმაც შემიძლია", _ გვითხრა ორაგველიძემ.