ფრაქცია "ლანჩხუთი-ევროატლანტიკური მომავლისთვის" ინფორმაციით, ისინი აპირებენ მიმართონ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომ მოხდეს საკითხის შესწავლა, თუ რამდენადაა მართებული, ლანჩხუთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც ოთხი თვის ვადით გადასულები არიან საოლქო კომისიაში სამუშაოდ, კუთვნილი ერთ თვიანი შვებულების დროს იღებენ როგორც საჯარო მოხელეობისთვის განკუთვნილ ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს, ასევე ამავე პერიოდში საოლქოდან ხელფასს.
" ჩვენ გვქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტებთან", ყველა სათანადო დოკუმენტაციას მოვამზადებთ და გადავუგზავნით შესასწავლად", _ამბობენ ფრაქციაში.
მანამდე კი მათ ამავე საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე განმარტება იურიდიულ საკითხებში საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის მაია მოქიასგანაც მოითხოვეს.
"საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ვერიკო კვირკველია ამჟამად იმყოფება ერთი თვის ვადით კუთვნილ შვებულებაში. საარჩევნო კოდექსის თანახმად დასაშვებია, საჯარო მოხელე წავიდეს საოლქო ან საუბნო კომისიაში სამუშაოდ და ისარგებლოს როგორც კუთვნილი, ისე არა ანაზღაურებადი შვებულებით. კუთვნილი შვებულების დროს საჯარო მოხელეს ეძლევა ერთი თვის ხელფასი. სავარაუდოდ, იგი ამავე პერიოდში ასევე მიიღებს ანაზღაურებას საარჩევნო კომისიიდანაც"– განმარტა მოქიამ.
ამავე ფრაქციის სხდომაზე განმარტებებისთვის მიწვეული იყო, თუმცა არ დაესწრო, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი შოთა ჩაგუნავაც, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მისი სამსახურის თანამშრომელი მაია ჩხაიძე, რომელიც ამჟამად საოლქო კომისიაშია დასაქმებული, ერთი თვის ვადით იმყოფება კუთვნილ შვებულებაში, რა პერიოდშიც კანონის შესაბამისად, მას ეძლევა საჯარო მოხელეობისთვის განკუთვნილი ანაზღაურება.
თვითმმართველობის საკითხებში იურისტის ირაკლი პაპავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონს ცალსახა მიდგომა არ გააჩნია და შესაბამისად იგი შეიძლება გახდეს სასამართლო დავის საგანი.
"ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მიმაჩნია, რომ რახან საჯარო მოხელე სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და მას ეძლევა ერთი თვის ანაზღაურების თანხა, ვფიქრობ, ის ამ პერიოდში ითვლება საჯარო მოხელედ და არ შეიძლება სხვა სახელმწიფო სამსახურში იყოს დასაქმებული. თუმცა, ვიმეორებ ეს ჩემი შეხედულებაა და სხვა იურისტს შეიძლება ამასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება გააჩნდეს. საბოლოოდ კი, საკითხი სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს"-, გვითხრა პაპავამ.