იმის მიუხედავად რომ საფრანგეთში გახურებული ევროპის პირველობაა, ჩვენი კონტინენტის მდიდარი კლუბების მესვეურები უქმად არ სხედან და მომავალი სეზონისთვის საჭირო კონტრაქტებს "ჩარხავენ".
რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ 'AS" სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და იტალიური "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა დიდი ალბათობით კარიერას ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედში' გააგრძელებს.
წინა სეზონის დასრულების შემდეგ ამ ბრიტანული გუნდის ახალ თავკაცად ლეგენდარული პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დაინიშნა. „განსაკუთრებულმა“ გუნდის ხელმძღვანელობას შემადგენლობის შესამჩნევად გაძლიერება მოსთხოვა.
23 წლის პოლ პოგბამ წინა სეზონში "იუვენტუსის' რიგებში 49 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე 10 გოლი მიითვალა.
ინგლისურმა მხარემ იტალიელებს პოგბას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზა. ფეხბურთელს „იუვენტუსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს უსრულდება.