ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე, „ბაღის უბნად“ წოდებული გზის მონაკვეთი, რომლის სიგრძე, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, კილომეტრ ნახევრამდეა, ისეა დაზიანებული, ორმოებად არის ქცეული.
_ ამ უბანში გზის გაკეთებას საშველი არ დაადგა. ახლა ხომ გუბეებითაა სავსე? მოდით წვიმაში და თუ აქ გავლა შეძლოთ, მერე გაგვამტყუნეთ. წყალი გადმოდის და ორმოებად ქცეულ გზაზე მდინარე მიედინება. ორმოებს კიდე ვინ დაეძებს, ბოლო-ბოლო გადაახტები. მდინარედ როცა იქცევა, მაშინ უნდა ნახო. გადახტომა რად გინდა, წაგაქცევს და თუ არ იყოჩაღე, იქნებ, დაგახრჩოს კიდეც, _ ამბობენ აქ მცხოვრებლები.
_40 წელია ამ უბანში ვცხოვრობ და ამ დაფლეთილი გზის გაკეთებას ვითხოვთ, _ ამომხდა სული ამ ორმოებში სიარულით და ხტუნვით. დაპირების მეტი რ იყო, მაგრამ, კი ხედავთ, როგორი გაკეთებულიცაა. გზები კეთდებაო და 40 წელი რომ არ გაკეთდება, ერთ თაობას რა უნდა მოესწროს. ოდესმე რომ გაკეთდება, მეც კი ვიცი. დაპირება ყველაზე მუქთი რამეა, _ გვეუბნება „ბაღის უბნად“ წოდებულ ქუჩაზე მცხოვრები, დარეჯან გოლიაძე.
„გურია ნიუსი“, ვრცლად აღნიშნული გზის პრობლემის შესახებ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ.