საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთბულ შტატებში არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამოიძახა.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა.
"ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს", – განაცხადა ზალკალიანმა. მან არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან წუხელ ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"კომენტარს არ ვაკეთებ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ", – განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
მის ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა "არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება" უწოდა.