გურიაში ბევრი კარგი ტრადიცია დავკარგეთ _ უკვალოდ გაქრა ბევრი სახალხო დღესასწაული, გართობა-დასვენების, ჭირ-ვარამის, ურთიერთობის გაზიარების მოხერხებული საშუალებანი. დღეს, წარსულის ამბები მხოლოდ არქივებსა და ძველ ჩანაწერებშია აქა-იქ გაბნეული. ამ მხრივ საინტერესოა პოეტ მამია გურიელის (1836-1891) არქივში შემორჩენილი ნაგომრის ქალაქობის დეტალები (ინახება ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში).
ნაგომარი ერთ დროს გურიის საზამთრო საძოვრები იყო, ზაფხულში კი მთებში მიჰყავდათ საქონელი. ამ სოფლის უძველესი სახელი ჩვენთვის უცნობია.
გურიის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ (XVს.), ნაგომარს გურიელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ _ მამია V გურიელმა თავის საზაფხულო რეზიდენციად აქცია და გაამშვენიერა იგი. მდინარეების _ ნადინებისა და სუფსის შესაყარში ააგო ქვის სასახლე, წმინდა მარინეს ეკლესია (დედის _ მარინეს საპატივცემულოდ) და მის გარშემო გამართა ორკვირიანი ბაზრობა _"ნაგომრობა-მარინეობა", რომელიც 1816 წლის 17 ივლისიდან ყოველწლიურად იმართებოდა.
ნაგომრის სიძველეები სახელდახელოდ მოინახულა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა რაზმმა ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, რის შემდეგაც დაავალა თავის მოწაფეს _ იური სიხარულიძეს, საგანგებოდ შეესწავლა ნაგომარი. 1965 წლის საგანგებო ექსპედიციამ, რომელშიც შედიოდნენ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი იური სიხარულიძე, არქიტექტორი, პროფესორი დავით კომახიძე, არქიტექტორი ამირან სიხარულიძე, ისტორიკოსი, ფოტოხელოვანი ჯუმბერ ლომთათიძე, მოიხილა წმინდა მარინეს ეკლესია, იასე გურიელის ყოფილი სასახლე და სხვა.
პოეტი მამია გურიელი ნაგომრის ქალაქობის შესახებ წერს: "ნაგომარი გახლავს მცირე ადგილი მახვის უჩასტკაზედ, მდებარეობს შუა ბახვის წყალისა, კორძაიას ველის ყანების მარცხენა მხარეზედ. აღმოსავლეთით აკრავს საზღვარი მცირე წყალი, რომელიც განაყოფს ნაგომრის მაღლობებს, კორძაიას ველიდან სამხრეთით და დასავლეთით. ამ ნაგომარზედ სდგას პატარა ძველი აწ დანგრეული ციხე მცირე გალავნით, წამდგარი არის სუფსის მდინარეზედ, რომლის ძირსაც ტრიალებს კარგა ღრმა მორევი. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს სახელი ნაგომარი ეკუთვნოდეს ციხეს და მისგან ადგილსაც გადასდებოდეს ანუ იყო საკუთრება მიწის, რომლის ძალითაც უნებლიეთ ციხესაც მიეღოს. მხოლოდ ის ვიცი, თავისი მდებარეობით არის მშვენიერი, სდევს მომაღლო ადგილზედ, უჭვრეტს მრავალ სოფლებს და სახელდობრ, მთელს ბერეჟოულს, აკეთს, ძიმითს, ბახვს, ნაწილს საერისთაოსა და წინ ფერხთით გაეშლება სუფსის მდინარის გაღმა-გამოღმა ყანების ველები და კორძაიას სრულ სივრცეზე უმეტეს ოცდაათის ვერსტისა ამწვანებული სიმინდით, ღომით, პურით, ფეტვით და სხვა მრავალი მცენარით.
ზემოთ მოჩანს დიდრონი მთები სურებისა და ახალციხის შემოსილნი ფიჭვის ხეებით და უმაღლეს მწვერვალზე თოვლით. სათოხოს ხეობიდან გამოსჭვრეტენ ჩვენებური რამდენიმე სახლები, გადახურული ყავრით ან ილით, მამულშიდ ძლივღა მოჩანს ფაცხები, თუ სახლები, უფრო ნათლად იხედება თავადების ოდები, როგორც აქ ეძახიან ფიცრის სახლს, ცოტათი მოცილებულს პოლიანსა და ბუხრიანს, დახურულს მუხის ყავრით. ამ შესახედაობისა თუ სურათის შუაზედ მოიგრიხება საყვარელი და სარგებლიანი სუფსის მდინარე _ ეს არ მიგიზიდავს განსხვავებულს ყურადღებას ადამიანისას, არც საოცარი სიდიდით, არც შფოთიანი სიჩქარით არც მჩქეფარებით და შეჯახებით დიდრონს ქვებზედ, საიდამაც გადმოსცეს ხმა გრვინვისა, მაგრამ ჩვენთვის, გურულებისთვის მას აქვს, რაღაც განსაკუთრებული სიამოვნება, გურულის თვალშიდ ლამაზიც არის, ხმოვანიც, ვრცელიც და ღრმაც… ამ წყალის შემწეობით ნახევარ გურიას მიაქვს თავისი ნამუშევარი გასასყიდად ზღვისპირეზედ გრიგოლეთს, ფოთს შეკვეთილს და იქედან ნაცვლად მოაქვს ჩითი, ნარმა, მიტკალი და სხვადასხვა საჭიროება და ცოტა ფულიც, რომლითაც იმედობს "სბორსში" გასტუმრებას. ამ აღწერის ადგილას ნაგომარზედ უკანასკნელმა გურიის მთავარმა მამიამ, სახსოვრად თავის დედის, დედოფლის მარინესა დააწესა აქ მისი ანგელოზის დღეს 14 ივლისს ქალაქობა (იარმარკა) 1816 წელსა და უწოდა მარინობა".
პოეტი გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის შესახებ გადმოგვცემს ერთი მოხუცის მოგონებას: "ერთ აზნაურს რაიმე უკადრისი რომ დამართოდა, ხუთ წელიწადს ვერ მივიდოდა მასთან (მთავართან), სანამდე არ გამევიდოდა სირცხვილიდან. აბა, ქურდს, რავა შეეძლო მის სასახლეში შესვლა; საქმე თუ რამე გქონდა, რავარიც დიდი საქმე ყოფილიყო, ერთ კვირაში გაგითავებდნენ… აბა, მხიარულება რამდენი იყო, ამას ენა ვერ იტყვის _ ბურთაობა, ჯირითობა, ჭაკუნობიე, ბაწარზე ხტომა თუ კაცზე გადახტომა და სხვა. ამ თამაშობებში გამოგვერეოდა თვითონ მთავარი და შენ თვითონ იფიქრე, რავარი სასიამოვნო იქნებოდა ჩვენდა _ ახლა რომ ხელმწიფემ გაგერიოს თამაშობებში, გაგეხუმბროს, გეამება, მეტი არაფერი, ვიკვლიდით თავს, ვიტეხდით კისერს ერთმანეთის ჯობნისდა, ვისაც გვაქებდა გახარებული კაცი, ვიყავით იმ ერთი მისი სიტყვით _ "შენ მომიკტე", მეორე დღეს მთელი მამული, რომ ჩამოერთო, არ მეწყინებოდა… გასართობად ამ ადგილზე შეყრილი ხალხისა (ნაგომრობა) დაისახა ბუზიკა, გამოიწერა ოინბაზები და თვალთმაქცები და ამნაირად ცდილობდა, ყოფილიყო მის სასახლეში მხიარულება, როცა ბურთაობა, ჯირითობა და სხვა ვარჯიშობები და ნადიმები მოსწყინდებოდათ, მაშინ წარმოსდგებოდა ბუზიკა და სხვა ზემოთქმულნი შესაქცევები, თავადი ცდილობდა, არ მიეცა დრო ერთი საათის მოწყენისა. გასაკვირველი არის ამგვარი ორნაირობა მისი ხასიათისა, თითონ იყო კაცი, დარბაისელი, სასტიკი მოსამართლე, უმეტესად მქისი (უკმეხი _ მ.ლ.), ვიდრე ალერსიანი და ცოტათი სნეულიც, რაიც კიდევ უფრო ხდიდა მის ნაღვლიანობას, მის ხასიათს, თითქოსდა ამ კაცს არ შეეძლო ჰყვარებოდა დროს გატარება, მაგრამ ნამდვილად ვიცით, ყოველს დღე მხიარულება იყო მის სახლში… როგორც კი მოახლოვდებოდა დღე მარინობისა, მთავარი მთელი სახლობით წაბრძანდებოდა ნაგომარზედ, სადაც იყო გამზადებული სახლები და კარვები მრავლად, მოიპატიჟებდა თავის ნათესავებს და მოყვრებს. ვაჭრები, დარწმუნებული მთავრის მფარველობასა და შემწეობაზე, მოდიოდნენ ქუთაისიდან, ხონიდან, ზუგდიდიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან, ტრაპიზონიდან და ხანდახან სტამბოლიდანაც კი. ამ ქალაქობის ხათრისათვის მთავარი ვაჭრებს ბაჟს არ ახდევინებდა… შეკრებილი ხალხის რაოდენობა 10 000 სულამდის იყო. გაიმართებოდა ვაჭრობა, რომელიც 15 დღეს გრძელდებოდა".
ვაჭრობის შემდეგ, მზის გადახრისას, ციხის ირგვლივ შეკრებილი ხალხი ყმაწვილების ჯირითს ელოდებოდა. მამია გურიელი იგონებს: "ერთხელ მეც გავერიე მათ შორის. ერთმა თქვა სამი დღეა ვცდილობთ და ჯირითი ვერ გავმართეთ. ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო ჯირითი, მაგრამ უღიმღამო, ახალგაზრდა ქალები ამბობდნენ: ჩვენი ყმაწვილები აქ არ არიან, თორემ კარგად გავერთობოდითო. ცოტა ხანში გამოჩნდა ცხენოსნები, მოაღწიეს რა "ქალაქს", დაიწყეს ცხენების ვარჯიშობა და სიმარდის გამოჩენა. ეს რომ მაყურებელმა დაინახა, ისინი არიანო. სიმრავლის გამო ვერავინ გავარჩიე. იქნებოდნენ 200-მდის ცხენოსანი მათ ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ, მოდიოდნენ წყნარად, ერთი მეორის ახლოს აუჩქარებლად და რიგიანად, გალავანთან რომ მოაღწიეს ჩამოხტნენ, მე მოველოდი, რომ ისინი ძლიერ მორთულნი იქნებოდნენ, მაგრამ შევცდი, მათ უბრალო შალის ჩოხები და ახალუხები ეცვათ _ არც იარაღი ჰქონდათ ვერცხლისა. როცა ჩვენს კრებას მიუახლოვდნენ ყველამ გაუღიმა. დაიწყეს თამაშობა, იმღერეს, ხან ქალები ათამაშეს. შემდეგ ქალებმა სთხოვეს ჯირითობა. გაიყვეს ორად და იწყეს ჯირითობა, სასიამოვნო იყო მათი ყურება. ჯირითობის შემდეგ დაიწყეს ჭენება. ზოგი გადმოდიოდა გაჭენებული ცხენიდან და ისევ უნაგირს ახტებოდა, ზოგი ფეხზე იდგა და ისე მიაჭენებდა ცხენს, ზოგს ფეხები ჰქონდა ზევით აშვერილი, ზოგი მუცლით იწვა უნაგირზე და ზოგიც პირუკუღმა მიაჭენებდა. ხალხში ისმოდა შეძახილები: ყოჩაღ, აფერუმ, ბიჭო!"
ნაგომრობის შესახებ სხვა წყაროები გადმოგვცემს: "გურულობის გაწაფულობა თვალსაჩინო ხდებოდა ოზურგეთიდან 12-13 ვერსით დაშორებულ ნაგომრის საასპარეზოზე, სადაც თავს იყრიდნენ გურულები, მეგრელები და აჭარლები. 1874 წელს გურულ-ქობულეთელთა ასპარეზობის დამსწრე ქართველი საზოგადო მოღვაწე პეტრე უმიკაშვილი შენიშნავს: "მადევარი დევნილს თუ ძალიან დაუახლოვდა, ჯირითის სროლა სირცხვილია, ლაჩრობად და სისულელედ ჩაითვლება. იტყვიან _ ორ ბიჯზე მუშტის მოქნევაც შეიძლებოდა, ჯირითის სროლა რა საჭირო იყოო" (ამირან ცამციშვილი" ქართველი ცხენოსნები უცხოეთში", თბ.1958წ.გვ.9-10).
ცნობილი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია ნაგომრობის შესახებ წერს: "ცეკვა, თამაში და სიმღერა, როგორც, მაგალითად, ხობსა და სენაკის ბაზრობაზე იციან, აქაც იცოდნენ წინათ, ახლა აღარ იციან. აქ ხალხი მოდის სავაჭროდ, სასაქმოდ, სასაუბროდ, ნახავს ნაცნობებს, მოიკითხავს და უკანვე ბრუნდება, თვით ადგილი ბაზრის, ძალზე ვიწროა, თან მტვერი ასდის საშინელი. გარშემო თავისუფალი ადგილი ყანად არის ქცეული" (თედო სახოკია "მოგზაურობანი", ბათუმი, 1885 წელი. გვ.86).
უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაგომარი გურული მოჯირითეების საასპარეზო ადგილად შემდეგშიც რჩებოდა, რასაც გვიმოწმებს 87 წლის ბიჭიკო შალიკავას მოგონება: "მამაჩემი, ვარლამი მიამბობდა: შეჯიბრება იმართებოდა სოფელ ნაგომარში, სადაც ახლომახლო სოფლებიდან იკრიბებოდნენ მოჯირითეები. სოფელ მზიანიდან მე და ჩემი ბიძაშვილი _ ლევან შალიკავა მოვდიოდით. შეჯიბრებაზე მოსულები იკითხავდნენ, დღეს შალიკავები მონაწილეობენ შეჯიბრებაშიო? დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ხელს ჩაიქნევდნენ და იტყოდნენ _ არ ღირს მონაწილეობის მიღებაო და უკან ბრუნდებოდნენ". ზემოთ ხსენებული ლევან შალიკავა იყო ცნობილი მოჯირითე, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში (საუბარი ჩაწერილია 2001 წელს სოფელ მზიანში _ მ.ლ.).
"ნაგომრობის" შესახებ გაზეთი "დროება" 1869 წლის 4 სექტემბერს აქვეყნებს კორესპონდენციებს. ერთ-ერთ "ნაგომრობას" პრინცი მიურატი და მისი მეუღლე სალომე დადიანი დასწრებიან: "ნაგომრობა" 17 ივლისიდან 1 აგვისტომდე ყოველწლიურად იმართება იარმარკობა, არის 20 დუქანი, აქ აწყობენ კარვებს შიგნით დებენ ყოველგვარ საქონელს და ისე ვაჭრობენ. ბევრი დროის გასატარებლადაც მოდის. თვითონ გურულების გარდა მოდიან იმერლები, მეგრელები და თბილისის გუბერნიიდანაც კი. უმეტესი ნაწილი ვაჭრებისა ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან და სენაკიდან არიან. ისინი აქ ჩამოდიან სავაჭროდ თავიანთი საქონლით. აქ შეხვდებით თითქმის ყოველგვარ კავკასიის კაცს. ზოგან ცეკვავენ, ზოგან ჯირითობენ, ზოგან ბურთაობენ და ზოგან კი დაუვიწყარ "მეგონას" და "მანანას" მღერიან. სხვადასხვა საქონელში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გურული ხელობის ჭილოფები და ურიცხვი თიხის ჭურჭლები. ყველაზე უფრო მომეწონა გურულების გულწრფელობა, მათი მხიარული ხასიათი და სტუმრის პატივისცემა. იმათი პატიოსნება და სიდარბაისლე, ყველაფერ საქმეში სისწრაფე ხომ განთქმულია. გურულს რომ შეხედო და დაელაპარაკო, სანამ შენ შენს აზრს გამოთქვამდე და დაამთავრებდე, ის მიმხვდარია, რა უნდა სთქვა და ერთ მინუტში 200 სიტყვას მოგაყრის.
ერთ საღამოს დამპატიჟა ვახშმად თავადმა ყ.თ-მ. სხვათა შორის, იქ იყო პრინცი მიურატი თავის მეუღლით. როგორც მოგეხსენებათ ამისთანა შემთხვევაში ჩვენებურ კაცს უსიმღეროთ და უყანწოთ გაძლება არ შეუძლია და მართლაც, შეიქნა გაცხოველებული "მრავალჟამიერის" სიმღერა, ყანწების ტრიალი და სტაქნების აქეთ-იქეთ სროლა. ამნაირ შექცევაში გაათენეს ღამე. ყველამ იცის, რომ გურულები განთქმულია ჩონგურის დაკვრაში. იმათ ძალიან სასიამოვნო მომღერლები გამოყავთ ნაგომრობაზე".
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნაგომრობაზე წიგნებიც იყიდებოდა. ამის შესახებ გაზეთი "ივერია" (N37, 1878 წელი) აქვეყნებს "საჯაოხელის" კორესპონდენციას: "29 ივნისს არის პეტრე-პავლობა და მაშინ იციან საჯაოხოში "ქალაქობა" (იარმუკობა), რომელსაც "პეტრე-პავლობას" ეძახიან… აქ რომ თავდება, მერე იწყება "ქალაქობა" (ნაგომრობა) სოფელ ნაგომარში, რომელიც აგრეთვე ორ კვირას გრძელდება. ორივე ქალაქობაზე ხალხით გაჭიჭნილია ქალაქის ადგილი. თუ შეიძლება სახალხო წიგნების გავრცელება ამისთანა ქალაქობებში შეიძლება, 1878 თუ 1879 წ. მიიტანა ქართული წიგნები გასაყიდად მესტამბემ გ. ხელაძემ, მაგრამ მაშინ ვგონებ, კარგი მოგება ვერ ნახა და მერე არავინ გვინახავს იქ. მაგრამ ეს იმისთანა კეთილი და ხალხისათვის სასარგებლო საქმეა, რომ ამის მოქმედს მოგება კი არ უნდა ჰქონდეს პირველ მიზნად, არამედ ხალხის სიყვარული, ხალხის დახმარება. კარგი იქნება, თუ კიდევ ბ. ხელაძე ან ვინმე სხვა წავა მომავალ ქალაქობებში ამ მიზნით და გაავრცელებს ხალხში სასარგებლო წიგნებს, ნურც იმას იფიქრებს, წავაგეთ. გურიაში წიგნების კითხვის მსურველნი თუ უფრო მეტი არა, ნაკლები მაინც არ არის ვიდრე საქართველოს სხვა მხარეში".
წელს, 17 ივლისს შესრულდა 200 წელი ნაგომრის ქალაქობიდან. "ნაგომრობის" _ დავიწყებული სახალხო დღესასწაულის აღდგენით კიდევ ერთი შინაარსიანი ღონისძიებით გავამდიდრებთ გურიის ისტორიას.
მანანა ლომაძე,
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი