საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი 2017 წელს გამოსცემს დოკუმენტების კრებულს "მეორე მსოფლიო ომი ეპისტოლარულ ჟანრში".
ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების თანამშრომელმა მაია სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის საოჯახო არქივში დაცული მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მიმოწერა, რომელიც მის ბებიას და ბაბუას ეკუთვნოდა. ამ მიმოწერის გაცნობის შემდეგ, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ემზარ ჯგერენაიას გაუჩნდა იდეა, ასეთი დოკუმენტები მოგროვდეს და ერთ წიგნად გამოიცეს. გამოცემაში თავმოყრილი მასალა არა მხოლოდ იმ ეპოქის ადამიანების ფიქრებს, განცდებს, ურთიერთობებს გაგვაცნობს, დაინტერესებულ მეცნიერებსა და მკვლევრებს ძალიან ბევრი მიმართულებით მისცემს კვლევის საშუალებას. მსგავსი გამოცემები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ვფიქრობთ, ქართული გამოცემაც წარმატებული იქნება. პროექტი ელექტრონული ბაზის შექმნასაც ითვალისწინებს, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა) განთავსდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
გამოცემის მომზადების პროცესი დაიწყო. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს ყველას, ვის საოჯახო არქივშიც ინახება მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მიმოწერა (პირადი წერილები, მისალოცები და. ა. შ.) და სურვილი გაქვთ, გამოქვეყნდეს ერთ წიგნად და მასალებმა თავი მოიყაროს ერთიან ციფრულ ბაზაში, მოგვმართეთ მისამართზე: გუდიაშვილის 7, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. საკონტაქტო პირები: ემზარ ჯგერენაია 599 19 23 20; მაია სიმონიშვილი 555 38 57 87. msimonishvili@nplg.,gov.ge.
გურიაში პროექტის პარტნიორია “გურია ნიუსი“ და შეგიძლიათ თქვენს ოჯახებში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი შენახული წერილები მოიტანოთ ჩოხატაურის (დუმბაძის 25), ლანჩხუთის (ნოე ჟორდანიას 114/3), ოზურგეთის (ჭავჭავაძის გამზირი 4, მე-3 სადარბაზო, I სართული) ოფისებში.