2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ (CDI) ახორციელებს მედიამონიტორინგის საქმიანობას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ფარგლებში.
მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და აფასებს 7 ბეჭდურ გამოცემას: "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ასავალ-დასავალი", "ალია", "გურია news", "ქრონიკა +"“ და "კვირის პალიტრა".
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინ 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 10 ივლისის ჩათვლით ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, "გურია news" მონიტორინგის მოცემულ პერიოდში „გურია news” საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
_ გამოცემაში შეინიშნება დადებითი ტონის შედარებით მაღალი მაჩვენებლები რეგიონული გამგეობებისა და თვითმმართველობების გაშუქებისას. აღსანიშნავია, რომ გამოცემა საკმაოდ აქტიურად აშუქებს ხსენებული სუბიექტების საქმიანობას. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები „გურია news”-ში არ გამოვლენილა. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში „გურია news”-მა ყველაზე აქტიურად მთავრობის (19%), ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის (18%) და ადგილობრივი თვითმმართველობების (17%) საქმიანობა გააშუქა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი გაშუქება დაეთმო „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ (13%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (9%), „კოალიცია ქართულ ოცნებას“ (7%) და პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ (3%).
აღსანიშნავია, რომ დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები არცერთი პოლიტიკური პარტიის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ერგო პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ (22%).
ასევე, უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა საქართველოს პრეზიდენტის (23%) გაშუქებისას.
მონიტორინგის მოცემულ პერიოდში „გურია news” აქვეყნებდა სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებს (მაგალითად: „უნდა დაბრუნდეს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში?“, 6/ივნისი/2016, გვ. 3-5; „შეასრულა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო დაპირებები?“, 20/ივნისი/2016, გვ. 5-7).
უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული გამოკითხვების შედეგები გამოცემაში საკმაოდ ობიექტურად და დაბალანსებულად იყო წარმოდგენილი. მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „გურია news” საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გამოცემაში არ გვხვდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებში" _ აღნიშნულია ანგარიშში, რომლის სრულად გაცნობა შეგიძლიათ ამ ლინკზე.