ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზრდასრულ ადამიანებს არ ურჩევს, რომ დღეში ორ გრამ ნატრიუმზე (მარილი) მეტი მოიხმარონ. ტაფტსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული ლიმიტის გადაჭარბება, ყოველწლიურად, მსოფლიოში, ყოველ მეათე შემთხვევაში, გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებებისგან სიკვდილს იწვევს. აღნიშნულის შესახებ „მედიქალ ნიუს თუდეი“ წერს.
ნატრიუმი პროდუქტების უმეტესობაშია – სუფრის მარილში, რძეში, ჭარხალსა და ნიახურშიც კი. ასავე დიდი რაოდენობით ამატებენ გადამუშავებულ პროდუქტებშიც, მათ შორის ხორცსა და პურში. მარილის სიჭარბე იწვევს წნევის მომატებას, რაც ინსულტებისა და გულის ავადმყოფობების საფრთხეს შეიცავს. მაგრამ აქამდე ცოტას თუ დაუთვლია, რა ზიანს აყენებს მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობას ნატრიუმის ზღვარგადასული გამოყენება. ამასობაში, ის მთელ მსოფლიოში 1,65 მილიონი ადამიანის დაღუპვას იწვევს.
სპეციალისტებმა გაანალიზეს 205 კვლევის მონაცემები, რომელმაც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 75% მოიცვა. არსებული მონაცემებით, დღეს მსოფლიოში საშუალოდ 3,95 გრამ მარილს მოიხმარენ (ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტს). ამასთან, ლიმიტს ყველა ქვეყნის მოსახლეობა აჭარბებს. მაგალითად, ტროპიკულ აფრიკაში მოიხმარდნენ 2,18 გრამს, აშშ–ში – 3,6–ს, ხოლო ცენტრალურ აზიაში – 5,51 გრამს. გულის ავადმყოფობებისგან სიკვდილის შემთხვევები, მარილისადმი სიყვარულით გამოწვეული, ყველაზე ხშირად, ღარიბ ან საშუალო შემოსავლებს მქონე ქვეყნებში ხდებოდა.
მეცნიერების თქმით, რეალური სურათი შეიძლება კიდევ უფრო საშინელი იყოს, რადგან ნატრიუმის მაჩვენებელი შარდის მიხედვით ფასდებოდა, ეს კი, ყველაზე ზუსტი ტესტი არ არის.