მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომლების გამოგონების შედეგად, სიმსივნის დადგენა ისეთივე მარტივი შეიძლება გახდეს, როგორც ორსულობის.
მეცნიერებმა წარმოადგინეს გამოგონება, რომელიც ერთი შეხედვით ორსულობის ტესტს ჰგავს.
როგორც Massachusetts Institute of Technology-ს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, აღნიშნული ტესტი შარდის ანალიზის საფუძველზე სიმსივნის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
მაგრამ შარდის შეფასებამდე, საჭიროა ორგანიზმში ინექციის გზით ნანონაწილაკების შეყვანა, რომლებიც ზემოქმედებენ სიმსივნურ ცილებთან – პროტეაზებთან. ყოველი რეაქციის შემდეგ გამოთავისუფლდება ბიომარკერები, რომელთა შარდიდან გამოყოფაც შესაძლებელია.
მეცნიერებმა მიიღეს სინთეტიკური ბიომარკერი, რომლებიც სიმსივნური ცილების სინგალებს აძლიერებდა. სწორედ მათ უერთდება ნანონაწილაკები. შემდეგ ეს ნაწილაკები გროვდება ქსოვილის იმ ნაწილებში, სადაც სიმსივნური ცილები – მატრიქსული მეტალოპროტეინაზები გამოეყოფა პეპტიდებს. მოგვიანებით, გამოთავისუფლებული პეპტიდები გროვდება თირკმელში და გამოიყოფა შარდთან ერთად.
იმისათვის, რომ ნაწილაკები კარგად გამოჩნდეს ქაღალდზე, მეცნიერებმა მიმართეს ლატერალური დინების ანალიზის ტექნოლოგიას, რომელიც ორსულობის დასადგენ ტესტში გამოიყენება.
ტესტის შექმნისას სპეციალისტებმა ქაღალდი ანტისხეულებით დაფარეს, რომლებიც პეპტიდებს იჭერს. ტესტის ზოლზე ფერი იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რომელი პეპტიდი რომელ ანტისხეულს დაუკავშირდება.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტესტს შეუძლია მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია, ტრომბის წარმოქმნის მაღალი რისკის ჩვენება.
ტექნოლოგიის სიმარტივის მიუხედავად, პრობლემას ქმნის ნანონაწილაკების შეყვანის პროცედურა. ამჟამად მეცნიერები მუშაობენ, იმპლანტანტის შექმნაზე, რომელიც კანქვეშ უნდა განთავსდეს. მათი თქმით, ეს იდეალური გადაწყვეტილებაა გრძელვადიანი მონიტორინგისთვის.