"ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ, მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი" _ წერს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე სოციალურ ქსელში.
ვიცეპრემეირი დანაშაულს აღიარებს და აღნიშნავს, რომ წამოსცდა ის, რასაც არ ფიქრობდა.
"მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის, რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი.
გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა _ ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!!!
ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი!
იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!" _ წერს კალაძე.