საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, შპს "გომანის" და შპს "ნინოს" ფაქტობრივი ხელმძღვანელები იგორ წულუკიძე, გოგიტა ლემსაძე და შპს "რეზოს" დირექტორი და დამფუძნებელი რევაზ ილიაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ იგორ წულუკიძემ, გოგიტა ლემსაძემ და რევაზ ილიაძემ, 2014-2016 წლებში განახორციელეს 40 847 759 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, ბრალდებულების მიერ, საბაჟო გადასახდელების სახით, არ იქნა გადახდილი 4 521 192 ლარი, ხოლო 359 316 ლარის ღირებულების 53 ერთეული ყალბი საბანკო გადახდის ქვითარი გამოიყენეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გადასახდელების გადახდის დასადასტურებლად, რამაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.