ჰერბარიუმის გაკეთება ვის არ უცდია. სპეციალურად შეგროვებული გამხმარი მცენარეების კოლექცია რომ მოვამზადოთ, სასურველი ყვავილები თუ მცენარეთა ფოთლები უნდა შეგროვდეს დარში, უქარო ამინდში.
ჰერბარიუმისთვის არსებობს სპეციალური წიგნი-ალბომი, რომლის თითოეულ სქელ ფურცელს, ასევე თხელი ქაღალდის ფენაც ახლავს, რომელთა შუაშიც უნდა მოაქციო მცენარის სასურველი ნაწილი. უმჯობესია ყვავილები.
თუ ასეთი ალბომი არ გვაქვს, უფრო მარტივი ფორმითაც შეიძლება, გავაკეთოთ. ყვავილი თუ ნებისმიერი ფოთოლი ჩავდოთ ძველ წიგნში ან რვეულში, მჭიდროდ დავხუროთ. დავდოთ იქ, სადაც არის სინათლე და ნაკლები ტენი. ერთი თვის შემდეგ მივიღებთ სასურველი ფორმის და ვიზუალის მქონე გამხმარ ყვავილს. ასეთი ყვავილები შესაძლებელია, გამოვიყენოთ კომპოზიციების შესაქმნელად.
განსაკუთრებით მათ, ვისაც ეხერხება ქსოვა, ქარგვა, ხატვა, სხვადასხვა ხელსაქმე. შესაძლებელია მისი ჩვეულებრივ ჩარჩოში ჩასმა, თუმცა, ძალიან ლამაზია ყაისნაღით თუ მაკრამეს ხელოვნებით მოქსოვილ ჩარჩოში თუ ქოთანში, ჰერბარიუმის კოლექციიდან, სასურველი ყვავილის ჩასმა. ასევე, ლამაზია ლარნაკში მოთავსებაც.
ფანტაზია ამოუწურავია. აუცილებლად გააკეთეთ მრავალფეროვანი ჰერბარიუმი, რომელიც გვიან შემოდგომასა და ზამთარში, გრძელი ღამეების დროს, ორიგინალური კომპოზიციების შექმნაში დაგეხმარებათ. ამით თქვენ გაალამაზებთ საცხოვრებელი ბინის ოთახების კედლებს, ასევე, მეგობრებსაც გაახარებთ ორიგინალური საჩუქრებით.