შემოქმედის ეპარქიაში დღეს გამართულ სხდომაზე, ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე იოსებმა საქართვეოში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით "გამოიხატება მიზანმიმართულ აგიტაციაში სამღვდელოების წინააღმდეგ".
მეუფე იოსების განცხადებით ხდება ეკლესიისა და სასულიერო პირების პირდაპირი შეურაცხყოფა, აგრესია და ა.შ. (სოციალური ქსელებით თუ სხვა).
მეუფე ასევე მოკლედ შეეხო ე.წ.მერვე მსოფლიო დიდ და წმინდა კრებას და აღნიშნა, რომ იგი დარღვევებით წარიმართა. ვინაიდან კრებამ არ გაითვალისწინა საქართველოს და სხვა ავტოკეფალური ეკლესიის მიერ დასმული წინადადებები, საქართველოს ეკლესიამ მასში მონაწილეობა არ მიიღო.
ამის შემდგომ მიტროპოლი იოსები შეეხო ეპარქიის კრების მოწვევის მთავარ მიზანს და სასულეირო პირებს გაფრთხილება მისცა.
" ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები მოახლოებულია, საჭირო გახდა კიდევ ერთხელ სასულიერო პირების გაფრთხილება, რომ ისინი არ ჩაერიონ პოლიტიკაში. მეუფემ ბრძანა: ეს არის საქართველო და არ გვაქვს უფლება რომელიმე პარტიას მივანიჭოთ უპირატესობა ან პირიქით – დავგმოთ.
ჩვენი მიზანია, ღიად არც მხარი დავუჭიროთ მათ და არც ვებრძოლოთ. მოსულ ხელისუფლებას კი უნდა დავემორჩილოთ ფიზიკურ საკითხებში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბრძანა, რომ ბოიკოტი არ უნდა გამოვუცხადოთ არჩევნებს, პირიქით – უნდა მივიდეთ არჩევნებზე, უბრალოდ სასულიერო პირებმა პროპაგანდა არ უნდა გასწიონ. ვინც პროპაგანდას გაწევს – შესაბამისად დაისჯება საეკლესიო წესის თანახმად. ამიტომ სამღვდელოება უნდა იყოს ნეიტრალური. სასულიერო პირს უფლება არ აქვს ადამიანებს მიუთითოს, თუ ვის მისცეს ხმა. ეს ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს.
მიტროპოლიტმა იოსებმა ასევე დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ ზედმეტი ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება საეკლესიო სასჯელი.
ეპარქიის კრებაზე მიტროპოლიტმა იოსებმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნათლობის საკითხზე და ბრძანა, რომ სანამ სამღვდელოება ადამიანს მონათლავს, აუხსნას, რომ ნათლია რეალურად არის ერთი, მეორე არის მიმრქმელი, ხოლო მესამე – განმბანველი, ანუ ნათესავი რეალურად არის ერთი და შესაბამისად, ლოცვაშიც ნათლიად იხსენიება მხოლოდ ის.
აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ სასულიერო პირებს საშუალება მიეცა გამოეხატა თავისი აზრი…" _ აღნიშნულია ეპარქიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის, სასულიერო პირები აქტიურად იყვნენ დაკავებული როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "ქართული ოცნების" პროპაგანდით. გურია ნიუსის არქივში ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა ინახება, როცა შემოქმედის ეპარქიაში მოსამსახურე ადამიანები საარჩევნო შეხვედრებზეც დადიოდნენ და მრევლს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ წირვებზეც კი მოუწოდებდნენ.