ფრაქცია “ოზურგეთის მომავლისათვის“ წევრები _ თამარ ნადირიძე, ნათია შარაშენიძე და ლევან მგელაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს ამზადებენ.
“საკრებულოს დეპუტატები დავინტერესდით იმ მშენებლობით, რომელიც ყოფილი პოლიციის შენობის წინ მიმდინარეობს. ჩვენ დავინტერესდით ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციით ანუ სრული ინფორმაცია გვაინტერესებს. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ვადა გავიდა და ეს ინფორმაცია დღემდე არავის არ მოუწოდებია. მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება და აქედან გამომდინარე ვაპირებთ, რომ მივმართოთ სასამართლოს“, _ თქვა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლევან მგელაძემ.
მანვე განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც ახლა აწარმოებს სამუშაოებს (საუბარია “გზამშენი18“-ზე. ავტ) მეორე ტენდერში წააგო.
“ ამ პროექტის დაწყებამდე ჩატარდა ორი ტენდერი. პირველ ტენდერში იყო ორი კომპანია და შესაბამისად, ერთმა მოიგო. ქალაქის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს მიეცათ დისკვალიფიკაცია. შემდეგ ჩატარდა განმეორებითი ტენდერი და ჩემდა გასაკვირად, ვინც მოიგო ეს ტენდერი, მასაც მიეცა დისკვალიფიკაცია. გამარჯვებული გახდა მეორე ადგილზე გასული კომპანია. იმედია, ამ ფაქტით დაინტერესდება შესაბამისი სამსახურები“, _ ამბობს ლევან მგელაძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ტენდერი სრული კანონის დაცვით ჩატარდა.
“პირველ ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სატენდერო დოკუმენტაციით, მოთხოვნილი მონაცემები არ წარმოადგინეს. შესაბამისად, ყველა მონაწილე პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია და ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა, წარმოადგინა დოკუმენტაცია, თუმცა, ვერ დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობები. აქედან გამომდინარე, სამუშაოების გახორციელება მეორე ადგილზე გასულ კომპანიას უწევს, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს. მისივე თქმით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სიგელიც აქვს მიღებული, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ ორგანიზაციას. რაც შეეხება დეპუტატების პრეტენზიას, დოკუმენტაცია, რომელიც მან მოითხოვა, აბსოლუტურად საჯაროა, ატვირთულია ელექტრონულად და მას შეეძლო აღნიშნული ინფორმაცია ამ სახით მიეღო.