„მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება და საქართველოს გადარჩენა არის სწორედ ის, რომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი. ბუნებრივია, მე არ მაქვს არც თოქ-შოუებში მონაწილეობის პრობლემა, თუმცა თოქ-შოუ მოსახლეობას ვერ აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას, გთავაზობთ გავმართოთ გნებავთ კონფერენცია, გნებავთ დისკუსია, გნებავთ ანალიზი, რომელიც სრულად გადაიცემა ეროვნული მაუწყებლების მიერ პირდაპირ ეთერში“, _ ნინო ბურჯანაძის ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ეხმიანება.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პლებისციტის საშუალებით გამოხატეს
„ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც პლებისციტით არის დადასტურებული და რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის გამოხატული. ამ საკითხზე დებატებზე ნუ იოცნებებს ქალბატონი ნინო, თუ უნდა ირმა ინაშვილს ედებატოს“, _ განაცხადა ბერძენიშვილმა.