ქალაქ ოზურგეთში, მეორე დღეა, უფასო სასადილო დაკეტილია. ბენეფიციარები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ გამოკვების სხვა საშუალება არ აქვთ და დახმარებას ითხოვენ:
_ მეორე დღეა, პურის ქერქის კი ვერ ვიშოვე. არ ვიცი, რა გავაკეთო და ვის მივმართო. პენსია წამლებში დაიხარჯა. კრედიტი წინასწარ მაქვს გამოტანილი. აქ ვახერხებდი დაპურებას და ახლა ამის საშულებაც მომისპეს, _ გვითხრა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.
ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის თქმით, სასადილო ფუნქციონირებას ხვალ განაახლებს:
_ გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც მოიგო შპს „ჩიხურამ“. მათ კანონით აქვთ სამდღიანი ვადა და შესაძლებლობა, რომ გადაბარების პროცესში სასადილო დაიხუროს. ამის შესახებ ბენეფიციარები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, _ გვითხრა სიორიძემ.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის უფასო სასადილოს მომარაგების ტენდერი სამი თვის წინ სხვა კომპანიას _ შპს „მანიბას“ ჰქონდა მოგებული, თუმცა, მათ წინა მიმწოდებლისგან გადაბარების დროს, ობიექტი არ დახურულა (აღნიშნულ კომპანიასთან ქალაქ ოზურგეთის მერიას სამთვიანი ხელშეკრულება ჰქონდა. ავტ.)
ქალაქ ოზურგეთის მერი განმარტავს, რომ „მანიბამ“ კეთილი ნება გამოიჩინა და სასადილოს ფუნქციონირება არ შეაჩერა, განსხვავებით ახალი მომწოდებლისგან:
_ უკვე ვესაუბრე კომპანიის ხელმძღვანელს და მითხრეს, რომ ხვალ განაახლებენ მუშაობს. სამწუხაროდ, კანონი სხვა საშუალებას არ გვაძლევს და ეს პროცედურები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ბეგლარ სიორიძემ.
_ არის პროცედურები რომლის გავლა სავალდებულოა. მე ჯერ არ გამიფორმებია ხელშეკრულება მერიასთან. კანონით მაქვს ვადა და შემიძლია, ხელშეკრულება გავაფორმო არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. ხუთი სამუშაო დღე იწურება ორშაბათს. თუ გავაფორმებ ორშაბათს, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, მაშინ სასადილოს მომარაგებას დავიწყებ სამშაბათს, რადგან საკვები უნდა მივაწოდო სამ საათამდე, _ გვითხრა კომპანიის ხელმძღვანელმა ეკა კობერიძემ.
კობერიძე გვირჩევს, რომ თუ ბენეფიციარებზე ასე შეგვტკივა გული, პირადად დავაპუროთ, რადგან მას არ აქვს ვალდებულება, ხელშეკრულება დღესვე გააფორმოს და უმწეოთა კვება დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჩიხურა“, რომელიც 2012 წლის ბოლოს არის დაფუძნებული და რომლის მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობა და ფასი საკმაოდ სოლიდურია, საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.
„ჩიხურას“ "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ქობულეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის უხარისხო საკვების მიწოდებაშიც დადეს ბრალი და ეს ბრალდება ქობულეთის გამგებელმაც დაადასტურა:
_ ჩვენ ჩავერიეთ, შევამოწმეთ და ახლა სიტუაცია გამოსწორებულია, _ გვითხრა ქობულეთის გამგებელმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია გასულ წელს შესყიდვების სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო წერილობით გააფრთხილა. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზე ვკითხულობთ, შესყიდვის ობიექტი ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები გახლდათ.