დღეს, გონიოში, ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების პატივსაცემად, სამხედრო-საზღვაო ცერემონიალი გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებმა ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. სამხედრო წესის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ზალპი დასცეს.
გონიოში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ჯარისკაცების ოჯახები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ დაკარგული სამხედროები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან.
„მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენთან ერთად აღვავლინო ლოცვა. ღმერთმა მალე გამოაჩინოს ისინი, შევწიროთ მადლობა უფალს, რომ მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას. მთელი საქართველო წუხს, რომ, ჯერჯერობით, ვერ ვნახეთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ცოცხლებს ვიხილავთ. ღმერთმა დალოცოს ისინი და მალე დააბრუნოს საქართველოში. ღმერთი მოწყალეა და იმედია ჩვენი ლოცვა იქონიებს დიდ ძალას და ჩვენ ვნახავთ მათ ჩვენს სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი“, _ აღნიშნა ილია მეორემ.