თბილისში, სასტურმო „თბილისი რუმსში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან იზორიას განცხადებით, აუცილებელია შეიარაღების გადახალისება თანამედროვე ტექნიკით, რომ საქართველომ თავად შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
„ამ სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ასევე, მოვახდინოთ ჩვენი შეიარაღების მნიშვნელოვანი გადახალისება უფრო თანამედროვე ტექნიკით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ მდგრადი და სტაბილური იმიტომ, რომ საკუთარი თავის დაცვა უნდა შევძლოთ. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს უნარები გავუმკლავდეთ საფრთხეებს და შევამციროთ ისინი. მთავარი მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის თავდაცვის ინსტიტუციონალური მშენებლობა. ყველა უნარის და შესაძლებლობის მაღალ ხარისხში აყვანა უნდა მოხდეს, რომელიც ნატოსთან თავსებადს გაგვხდის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყნის გლობალურ განვითარებასთან, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს გზით", _ განაცხადა ლევან იზორიამ.