დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს მიერ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები მოინახულა.
2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში კერძო სახლი 43 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროექტის ფარგლებში კი, კახეთის რეგიონში სახლი 55 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.
კერძო სახლებთან ერთად სამინისტროს ბენეფიციარები მიწის ნაკვეთების მფლობელებიც გახდნენ, რაც მათთვის დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელ ადგილსა და სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.
სახლების შესყიდვის პარალელურად მიმდინარეობს 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროექტი. კახეთის რეგიონში საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში უკვე 50 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი კიდევ 90-ით გაიზრდება. მთელი საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი სახლი 1000-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დაუკანონდება. (R)