საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაიკავებს _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ელჩის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რასაც წინ უძღოდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან.
„საქართველოს მომავალი ელჩი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ვფიქრობთ, ბატონ დავითს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ–სთან, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა მიმართულებით. მინდა მასაც ვუსურვო წარმატება მის მომავალ საქმიანობაში. ბატონ დავით ბაქრაძეს გააჩნია როგორც ნატოს წვერ ქვეყნებში ელჩად მუშაობის გამოცდილება, ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ხაზგასასმელია, რომ მისი პიროვნული თვისესებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით", _ აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.