ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი უწოდა.
"ეს არის ისტორიული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმა შეძლო და მოლაპარაკებები რეკორდულ დროში – 7 თვეში დაასრულა. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა არც ერთ ქვეყანასთან, ვისთანაც ჩინეთს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჩინეთთან მოლაპარაკებისთვის ამ შეთანხმებაზე ათი წელიწადი დასჭირდა," _ განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ მოლაპარაკებიდან. კერძოდ, ჩვენი პროდუქციის მთლიანი ნომეკლატურის 95.5 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩამოთვალა ის პროდუქტები, რომელთა შეტანაც ჩინეთის ბაზარზე გამარტივდება. მათ შორისაა, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები.
"ჩინეთში ყველა ეს პროდუქტი შევა ნულოვანი ტარიფითა და ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე“, _ აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები.
"მინდა აღვნიშნო, რომ მრავალ ქვეყანასთან ჩინეთს ჰქონია 5 და 10-წლიანი გარდამავალი პერიოდი ტარიფების განულების თვალსაზრისით. ჩვენს შემთხვევაში, მას მერე, რაც სახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულდება, ჩვენი მეწარმეები შეძლებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეტანას ჩინეთის ბაზარზე ყველანარი დაბრკოლებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამ კუთხით განსაკუთრებით უპრეცედენტოა გადაწყვეტილება ღვინოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ღვინოზე გარდამავალი პერიოდის გარეშე დაწესდება ნულოვანი ტარიფი. ეს არის ჩინეთის ისტორიაში პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთს არ მიუღია და არ მიუნიჭებია არცერთი ქვეყნისთვის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში. ქართველ მეწარმეებს შეთანხმების ამოქმედებისთანავე შეეძლებათ ჩინეთში შეიტანონ ღვინო ყოველგვარი გადასახადის გარეშე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან ჩინეთს ღვინის ტარიფის გასანულებლად ათწლიანი გარდამავალი პერიოდი აქვს დაწესებული.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შარშან საქართველომ 2,6 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გაყიდა ჩინეთში. წლევანდელი მოლოდინია 5 მილიონ ბოთლზე მეტი.
"შედეგი, რაც მოლაპარაკებებით მივიღეთ, არის უპერეცედენტო და ნიშნავს, რომ 40 პროცენტზე მეტი, რომელიც იყო მხოლოდ საბაჟო გადასახადი, მოეხსნება ჩვენს ღვინოს. ყოველივე კი ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა შემდგომ პროცედურებზე. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა ჩინეთის კომერციის მინისტრი, რომლის ვიზიტის დროსაც ხელი მოეწერება მემორანდუმს მოალაპარაკების ოფიციალურად დასრულების შესახებ.
"ამის შემდეგ შეთანხმების ტექსტი გაივლის ექსპერტიზას, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით ორი-სამი თვე. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ჩვენ უკვე მოვაწერთ ხელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენი მოლოდინით შეთანხმება ძალაში შევა 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ,“ _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით წარმატებით გაწეული მოლაპარაკებების გამო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ გაიმართა მოლაპარაკებების 3 რაუნდი და 2 სამუშაო შეხვედრა. უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლო შეხვედრა დასრულდა გუშინ ჩინეთში, სადაც შეთანხმება მოხდა ყველა იმ ღია საკითხზე, რაც იყო დარჩენილი. ასეთი საკითხები იყო: მომსახურებით ვაჭრობა, საქონლით ვაჭრობა, ქართული პროდუქციის გეოგრაფიული აღმნიშვნელის დაცვა ჩინურ ბაზარზე, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში და დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები.
ცნობისთვის, 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქალაქ დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
2015 წლის 10 დეკემბერს კი, ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ხელის მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.