15 სექტემბერს, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა პრესას ბრენდის ახალი დესპანები, ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარუდგინა
„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ლიბერთი ბანკის ახალი დესპანები, გამორჩეული ნიჭითა და მონდომებით დაჯილდოვებული ადამიანები, რომლებმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ასახელეს საქართველო.
მარიამ ბოლქვაძე და ზაზა ნადირაძე ჩვენი დესპანების გუნდს შემოუერთდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად ვიზრუნებთ მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, ვინაიდან გვსურს, რომ მათი დიდი წარმატებები მაგალითი და სამოტივაციო გზავნილი გახდეს საქართველოში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისთვის” – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.
ამჟამად ლიბერთი ბანკს ბრენდის ხუთი დესპანი ჰყავს. მათ შორის არიან საქართვლოს 9-გზის ჩემპიონი, ძიუდოისტი მზია ბებოშვილი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნინო ხომერიკი და ასტრო-ფიზიკოსი ელენე მიდელაშვილი.
ლიბერთი ბანკი მუდმივ მზადყოფნაშია ნებისმიერ სფეროში, სპორტში, მეცნიერებაში თუ ხელოვნების მიმართულებით, აღმოაჩინოს ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ წარმატებისათვის და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.
ზაზა ნადირაძე დაიბადა 1993 წლის 2 სექტემბერს ქ.მცხეთაში. 2006 წელს აქტიურად დაიწყო ნიჩბოსნობაში ვარჯიში და 2007 წელს, 15 წლამდე ასაკთა ჯგუფში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.
2008 წელს, საქართველოს ჩემპიონატზე, როგორც ერთ, ისე ორ ადგილიან კანოეში, მოიპოვა ოქროს მედალი.
2011 მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
2012 წელს, მესამედ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობის გარდა, ზაზამ უკრაინის საერთაშორისო ჩემპიონატის მესამე ადგილი მოიპოვა.
2013 წელს მოიგო სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ჩემპიონატი, მოიგო საქართველოს ჩემპიონობა აბსოლუტურ ასაკში და აბსოლუტურ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 ადგილი მოიპოვა.
2014 წელს აიღო ბაქოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე U23 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2015 წელს ბაქოს თამაშებში მე-10 ადგილი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატში მე-4 აგილი დაიკავა.
2016 წელს ზაზამ ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატზე, მეორე ადგილით, აიღო რიოს ლიცენზია, მსოფლიო თასის ჩემპიონატზე მესამე ადგილი, U23 ჩემპიონატზე მესამე ადგილი, ხოლო რიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი მოიპოვა.
მარიამ ბოლქვაძე დაიბადა 1998 წლის 1 იანვარს, ქ.ბათუმში. 8 წლის ასაკში გადაწყვიტა ჩოგბურთის თამაში. 9 წლიდან ინტენსიური ვარჯიშისა და მომზადების შემდეგ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება დაიწყო და უკვე 12 წლის, ორგზის ჩემპიონი იყო 16 წლამდე ასაკთა ჯგუფში. 14 წლის, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი 18 წლამდე ასაკთა ჯგუფში და ევროპის 50- ეულში იდგა.
16 წლიდან მარიამმა დაიწყო ქალთა საერთაშორისო შეჯიბრებების თამაში და მისი ამჟამინდელი რეიტინგია #443 ერთეულებში ხოლო #597 წყვილებში.
2016 წელს მონაწილეობა მიიღო Junior Wimbledon-ში სადაც გახდა ფინალისტი წყვილებში ხოლო ერთეულებში მერვედფინალისტი.
სულ მარიამს სამი $10,000-იანი შეჯიბრი აქვს მოგებული, მათგან 2 ეგვიპტეში, ხოლო 1 ბათუმში. ეგვიპტის ტურნირის ფინალში მან Wimbledon-ის ჩემპიონი დაამარცხა.
ასევე ინგლისის ნაციონალურ ტურნირში დამარცხებული ჰყავს ამჟამინდელი 100-ეულის მოთამაშე Naomy Broady, ამავე წელს ითამაშა ფედერაციის თასი საქართველოს სახელით, სადაც მოგების 100%-იანი შედეგი აჩვენა.