ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალებით 14 სექტემბერს გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერს პაატა ბურჭულაძეს შორის და აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური და დროული რეაგირება მოახდინოს.
"საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდელობა იცავს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის კონფიდენციალობის გარანტიებს. აღნიშნული ფუნდამენტური უფლების დაღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური და დროული რეაგირება მოახდინოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს. მით უმეტეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტთან ერთად ხდება წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მანიპულირება.
მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ საფუძვლიანად ვერ განხორციელდა მოსმენების სისტემის რეფორმა და საფრთხე ემუქრება თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოქალაქეთა განცდა, რომ ეს საფრთხე შესაძლოა, მომდინარეობდეს სახელმწიფო ორგანოებისგან, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ფარული მიყურადების სისტემებზე.
მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 14 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოაცხადა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე ე. წ. ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი არის კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ აქტიური წევრი და შეუერთდა კამპანიის მიმართვას – "ეს შენ გეხება" მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ. მიმართვაში ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას და უფლებამოსილ უწყებებს მოუწოდებს, გადაიდგას კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯები უკანონო ფარული მოსმენების წინააღმდეგ საბრძოლველად.
კანონით დადგენილი წესით, ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტი;
საქართველოს პარლამენტმა დროულად მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 აპრილის გადაწყვეტილება.
სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება;
შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რითაც ეფექტურად აღიკვეთება მსგავსი კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავი ფაქტები და ჩატარდება ეფექტური გამოძიება კანონდამრღვევთა გამოსავლენად", _ აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.
ამავე თემაზე:
პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო