საარჩევნო სიების არასრულყოფილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც აქტუალურია _ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, საარჩევნო სიებში "მკვდარი სულების" არსებობის შესახებ კი არაერთი პოლიტიკოსი თუ დეპუტატობის კანდიდატი საუბრობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაბა ნასაკირალში, ვახტანგ ღლონტს გარდაცვლილი დედის სახელზე საარჩევნო ბარათი მიუვიდა:
"როდესაც ღლონტის ოჯახში მივიდა ეს ბარათი, მაშინვე თქვა გარდაცვლილის შვილმა, რომ თუ არჩევნებზე დადის, კი უთხარით ვინმე შემხვედრმა, შემოგვიაროს სახლშიცო," _ ამბობს ბესო ქათამაძე.
"დედაჩემი 2006 წელს გარდაიცვალა. 2006 წლის შემდეგ, არასდროს მომსვლია მის სახელზე ბარათი, თუმცა, ახლა მოვიდა. გაკვირვებული ვარ. ჩემს მეუღლეს არ მოსვლია საარჩევნო ბარათი, გარდაცვლილ დედაჩემს კი მოუტანეს!" _ გვითხრა ვახტანგ ღლონტმა.
მისი თქმით, დედის გარდაცვალების შესახებ, დაბა ნასაკირალის რწმუნებულს მიმართა: "სადაც პენსიას იღებდა დედაჩემი, იქ მივედით და შევატყობინეთ ამის შესახებ", _ ამბობს ვახტანგ ღლონტი.
#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი ამბობს, რომ "საარჩევნო უბანს გადაცემული აქვს განცხადების 3 ფორმა: განცხადება _ "გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოქალაქე არის გარდაცვლილი"; განცხადება _ "გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოქალაქე იმყოფება უცხოეთში", განცხადება _ "გაცნობებთ, რომ ჩემი მონაცემები არ არის (არასწორად არის) შეტანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში".
ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვიღებთ აღნიშნულ განცხადებებს თითოეული საარჩევნო უბნიდან, რომელიც დაუყოვნებლივ მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები აკეთებენ შესაბამის რეაგირებას.
რაც შეეხება თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გარდაცვლილ ამომრჩეველთან დაკავშირებით, საოლქო კომისიაში განაცხადი უკვე მიღებულია საუბნო კომისიიდან და გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში შემდგომი რეაგირებისთვის," _ თქვა ზვიად თენიეშვილმა.
პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სიებში არა მარტო "მკვდარი სულები", არამედ ისეთი მოქალაქეებიც არიან, რომელთა ვინაობაც ადგილობრივებმა ვერ გაარკვიეს:
"ამომრჩეველთა სიებში არის ძალიან ბევრი "მკვდარი სული". ასევე, გვხვდება ისეთი სახელ-გვარები, რომლებიც სოფელში არ იციან, არ იცნობენ და არც გაუგიათ."
ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება არჩევნების წინა დღეებში, ჩალაგაშვილი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილება აქვს, გვპასუხობს:
"თუ მოინდომებს ცესკო, არანაირი პრობლემა არ იქნება; თუ არა _ ეს მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის."
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ საარჩევნო სიების გაუმართავობა, იუსტიციის სამინისტროს და მინისტრის თეა წულუკიანის უმოქმედობას შეიძლება დავაბრალოთ:
" ზოგადად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დიდი კომპეტენციით არ გამოირჩევა; მისი სამინისტრო ქვევით და ქვევით რომ წამოვიდა, ამას მთელი საქართველო ხედავს და ამიტომაც არიან სიებში "მკვდარი სულები." აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნებოდა, თუ სიაში 2016 წელს გარდაცვლილი მოქალაქეების სახელ-გვარები აღმოჩნდებოდა, მაგრამ არანაირი ახსნა არ აქვს ოთხი-ხუთი წლის წინ გარდაცვლილების აღმოჩენას სიაში. ჩვენ წინა წლებში არჩევნები გვქონდა და მაშინ უნდა მომხდარიყო ამ სიების დაზუსტება. მაგალითად, ნიგვზიანში და ქვიანში საარჩევნო უბნების სიებში ფიქსირდება "მკვდარი სულები". საოლქო კომისიაში გვეუბნებიან, რომ მოხდება შესწორება; ვნახოთ, ასე იქნება თუ არა," – გვითხრა კახა ასკურავამ.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაჟღერებული სიტყვებით გვიპასუხეს: "ასეთი საარჩევნო სია არასდროს ყოფილა საქართველოში".
#61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კილაძე ამბობს, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიდის და საბოლოო სია არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩამოვა:
"ახლა დარიგებული გვაქვს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო სიები და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს არის თუ არა სიაში. რაც შეეხება ე.წ. "მკვდარ სულებს", თუ ოჯახის წევრი არ მივიდა საჯარო რეესტრში და არ განაცხადა ამის შესახებ, ჩვენ ვერანაირად ვერ ამოვიღებთ, რადგან იურიდიული ძალა აქვს სამოქალაქო რეესტრს," _ თქვა ლაშა კილაძემ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომაზე სიებთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემები წარადგინეს. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3.500.000 პირის მონაცემებია; ამ ეტაპისთვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2.367.978 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 პირზე იყო.
ფოტოსურათების შედარებით გადამოწმდა 2 008 432 საქმე; გაუქმდა 488 გაორებული და 137 გაყალბებული დოკუმენტი; გასწორდა 1 393 არასწორად მიბმული სურათი; გარდაცვალების ფაქტების გამოვლენით და რეგისტრაციით, შედგენილია 1685 გარდაცვალების ოქმი და გარდაცვლილი (მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი) პირები ამორიცხულნი არიან მოქალაქეთა ბაზიდან; მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების შემცირებით აღდგენილია 1 135 ჩანაწერი, 15 ჩანაწერი გაუქმდა საქმის წარმოების დროს აღმოჩენილი გაორების გამო; საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტიდან მოძიებულია და ბაზაში ასახულია 6 566 მოქალაქის ფოტო; სქესში შეუსაბამობით და არასწორად მიბმული ფოტოების გამოვლენით შესწავლილია 40 000 ჩანაწერი; გამოვლენილი 252 პრობლემური ჩანაწერიდან გასწორებულია 225 ჩანაწერი.
სტატია ქვეყნდება პროექტის _ "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.