უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორ საკითხზე იმსჯელეს. უშიშროების საბჭოს წევრებმა 2017 წლისთვის შეიარაღებული ძალების რაოდენობისა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების საკითხი განიხილეს.
როგორც უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, ყოველწლიურად სამხედრო ძალების რაოდენობა მტკიცდება უშიშროების საბჭოს მიერ, საბჭოს წევრთა ორი მესამედის ოდენობით.
„საბჭოს ორი მუდმივი წევრი დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. სხვა ყველა წევრი ესწრებოდა სხდომას და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი პირველ საკითხს, რომლითაც სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000-ით განისაზღვრა. ამაში არ შედის საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და არ შედის რეზერვი. ეს დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტთან ერთად და შემდეგ უკვე პარლამენტის მიერ იქნება მისაღები გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე“, _განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილული მეორე საკითხი თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელი თუ დაგეგმილი რეფორმებია, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცნო.
ირინა იმერლიშვილის თქმით, ამის შემდეგ დაიწყება უკვე დოკუმენტის ფართო განხილვა არასამთავრობო სექტორთან, უსაფრთხოების ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან და მხოლოდ შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ.