2016 წლის, 14 სექტემბერს განახლებული ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდი ამოქმედდა. www.partiebi.ge-ზე, საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებია განთავსებული. განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმისათვის, რათა ერთის მხრივ, მომხდარიყო კონკრეტული პოლიტიკური ხედვების ფორმირების წახალისება პოლიტიკურ პარტიებში და მეორეს მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვები საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით ყოფილიყო მიწოდებული, NIMD-მა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შეთავაზა მოკლე, ლაკონური პასუხები გაეცათ ქვეყნისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან 29 საკითხთან მიმართებაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას/ბლოკს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის, მაქსიმუმ 250-სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლო.
ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ბატონ იოჰანეს დუმამ მისასალმებელ სიტყვაში მიმდინარე პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა. „მსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა გაიგოს www.partiebi.ge-ს შესახებ და ეს ვებ-გვერდი იყოს ხელმისაწვდომი ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმაც სრულად გააცნობიერონ ამ პროექტის მნიშვნელობა. www.partiebi.ge-ს საშუალებით, მათ შეუძლიათ ეფექტურად გააცნონ თავიანთი შეხედულებები ამომრჩეველს", – განაცხადა ბატონმა ელჩმა.
"ეს ვებ-გვერდი საშუალებას იძლევა ერთდროულად სამი პოლიტიკური ორგანიზაციის ხედვების შედარებას. ამავე დროს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ამოქმედდება ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება იმის შედარება თუ რას სთავაზობდა ესა თუ ის პარტია ამომრჩეველს წარსულში, ანუ 2012 წლის არჩევნების წინ და რას სთავაზობს ახლა. რასაკვირველია სხვადასხვა გარემო პირობები იწვევს ცვლილებებს პარტიების ხედვებში და სწორედ ამ ევოლუციის დანახვაა შესაძლებელი ამ ვებ-გვერდის მეშვეობით", _ აღნიშნა NIMD-ის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში, ლევან ცუცქირიძემ.
www.partiebi.ge NIMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს ვებ-გვერი მოწოდებულია იმისთვისაც, რომ გაზარდოს პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე: „ალბათ დამეთანხმებით რომ დაწერილს მეტი ფასი აქვს. შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში არამარტო ამომრჩევლებმა და უშუალოდ პარტიებმა, არამედ სხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ, კონკურენტმა პარტიებმა შეამოწმონ რას პირდებოდა კონკრეტული პარტია საზოგადოებას ხელისუფლებაში მოსვლამდე და რას გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ".
www.partiebi.ge-ს უმთავრესი მიზანი არის ის, რომ ყველასთავის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. მათ შორის მათთვისაც ვინც არ ფლობს სათანადოდ ქართულ ენას. პარტიების პროგრამები ხელმისაწვდომია – სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. უფრო მეტიც, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით, შეიქმნა და განთავსდა ვებ-გვერდზე წინასაარჩევნო პროგრამების აუდიოფაილები.
„NIMD-თან ბევრ პროექტზე მიმუშავია და ვმუშაობ. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რასაც ვაკეთებ, რადგან ვხედავ რომ NIMD-ის ხელშეწყობით საქართველოს პოლიტიკური კულტურა ხდება უფრო განვითარებული, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული. ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება ამ მიღწევების არის სწორედ ეს ვებ-გვერდი. ის აძლევს საშუალებას ამომრჩეველს ინფორმირებული იყოს პარტიების პროგრამული შეხედულებების შესახებ, შეადაროს წინადადებები და შემდეგ მოსთხოვოს პარტიას დანაპირების შესრულება", _ განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ, რომელმაც შეისწავლა პარტიების საარჩევნო პროგრამები და პრეზენტაციაზე მოსულებს გააცნო ზოგადი შთაბეჭდილებები პოლიტიკური პარტიების ხედვების შესახებ.
ამომრჩევლების საინფორმაციო ვებგვერდის შესახებ თავიანთი შეხედულება გამოთქვეს პრეზენტაციაზე დამსწრე პოლიტიკოსებმა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ეხმარება ამომრჩეველს მიიღოს მეტი ინფორმაცია და გააკეთოს გააზრებული არჩევანი", _ განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ კი ისაუბრა ვებგვერდის მნიშვნელობაზე, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე, თავად პოლიტიკური პარტიებისთვის: „ეს პლატფორმა არის მნიშვნელოვანი, რადგან შესაძლებლობას იძლევა ამომრჩეველი ერთ სივრცეში გაეცნოს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, წინასაარჩევნო კამპანიას, პროგრამას. ის ჩვენც გვიწყობს ხელს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება".
პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც პარტიათა პოლიტიკური წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს მსოფლიოს 27 სახელმწიფოში. NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობა მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის, დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად რეგიონში.