პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრებს: სანდრა კალნიეტეს და ანდრეი გრჟიპს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მანანა კობახიძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„ევროპარლამენტის, სახალხო პარტიის წევრები საქართველოში მისიით არიან ჩამობრძანებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტია, ეს პოლიტიკური ჯგუფი, სხვა ჯგუფებთან ერთად არის ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას. კერძოდ, ეს ეხება ვიზალიბერალიზაციას, თუ ზოგაგად ევროკავშირში ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, მათ აინტერესებდათ მიმდინარე რეფორმები, წინასაარჩევნი გარემო და მათთვის საინტერესო სხვა თემებზეც მივაწოდე დეტალურ ინფორმაცია", _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.