პარტია ”თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური პაატა ბურჭულაძის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით გაკეთებულ მოსაზრებას აფასებს.
”ასე თუ მოხდება, ყველა ბანი თუ ვერა, მომღერალი მაინც გახდება; ყველა სიმღერის ხასიათზე იქნება მერე. მე ვფიქრობ, რომ მოხმარებაზე არ უნდა იყოს ისეთი სასჯელი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ვიღაცისთვის ჩასადებად ან რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად. მსუბუქი მოხმარების შემთხვევაში მსუბუქი ჯარიმებით უნდა შემოიფარგლონ, როგორც არის ახლაც”, _ ამბობს მეჭიაური და დასძენს, რომ უნდა გამოინახოს ოქროს შუალედი, რომ მარიხუანას მოხმარება მანიპულირების მიზეზი არ გახდეს და არც მისი მოხმარება წახალისდეს.
”საჭიროა ოქროს შუალედი, რომელიც ერთი მხრივ, არ მისცემს სამართალდამცავ ორგანოებს იმის საშუალებას, რომ მარიხუანას მოხმარება გამოიყენონ სხვადასხვა მანიპულირებისთვის. შეიძლება ვიღაცას ჩაუდონ. წინა ხელისუფლების დროს აქტიურად იყენებდნენ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებას, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდეს იგივე სურვილი და მეორე მხრივ, არ მისცემს სტიმულს მის მოხმარებას”, _ განაცხადა მეჭიაურმა.