ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროს გიორგი კაჭარავას და ამავე სამსახურის გამომძიებელ ზურაბ ჭელიძეს, რომლებიც სამართალდამცველებმა 14 სექტემბერს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავას მიმართ წაყენებულ დამატებით ბრალდებებზე, მათ შორის, დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვაზე ისაუბრა.
როგორც პროკურორმა განმარტა, კაჭარავას სამუშაო კაბინეტიდან ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ”აკაემის” სისტემის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ”აკაესის” სისტემის ავტომატი, „მაკაროვის“ კონსტრუქციის ორი პისტოლეტი, 18მმ კალიბრის „გლოკი“, ქარხნული წესით დამზადებული ორლულიანი თოფი, რომელსაც თვითნაკეთი წესით ამოღებული აქვს ლულა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და რამდენიმე ასეული ვაზნა.
როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა აღნიშნა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, ასევე, უკანონოდ შეძენილი ”სტეჩკინის” ტიპის იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ”ამფიტამინი” ამოიღეს.