2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჩხაიძე 1951 წელს დაიბადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა; 1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით _ გადაზიდვების მართვა რკინიგზის ტრანსპორტზე; იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო რკინიგზის სადგურში მეისრედ.
სარკინიგზო სისტემაში ამ ყველაზე დაბალი საფეხურიდან, ამიერკავკასიის გადაზიდვების უფროსის თანამდებობამდე გაიარა წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უაღრესად საინტერესო გზა _ 1980-87 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ ციმბირის სარკინიგზო მოძრაობის სამსახურის უფროსად, ხოლო 1988-93 წლებში, იმავე სისტემის სამმართველოს უფროსად;
1994-1995 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის აპარატში ტრანსპორტის მთავარი კოორდინატორი იყო; 1995-2003 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. პარალელურად (1993-2004 წლები), საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იყო კათედრის გამგე.
2002 წელს დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით; არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
აკაკი ჩხაიძის სახელს ბევრი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი პროექტები უკავშირდება, თუმცა, ამ თემაზე საუბარი მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გურიის განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადააწყვეტინა:
_ პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ გურიის განსაკუთრებულმა სიყვარულმა და არა პირადი განდიდებისთვის სწრაფვამ გადამაწყვეტინა. ამ განცხადებას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დაეთანხმება, ვისაც ჩემს მიერ განვლილი ზემოაღნიშნული პრაქტიკული საქმიანობის ჩამონათვალის სწორად გაანალიზების უნარი შესწევს, _ აღნიშნავს აკაკი ჩხაიძე.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ბარიერის დასაძლევად მზად არის:
_ პირდაპირ გეტყვით _ დღევანდელი გურიის მოსახლეობაში, გურულებისთვის დამახასიათებელი თავისებური სილაღე, ტრადიციები და ის ღირებულებები, რომლებიც ამ რეგიონის მცხოვრებლებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, თითქმის ჩამკვდარია. ეს პროცესი იმ უმძიმესი ცხოვრებისეული პირობებითაა გამოწვეული, რომელსაც გურიის რეგიონის მოსახლეობა განიცდის. აკაკი წერეთლის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს", მაგრამ, იმ "ერთ მერცხალს" ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება_ მშვიდი ცხოვრების დათმობისა და მშფოთვარე საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მცდელობის შესახებ, მხოლოდ ამ ფაქტორებით არის განპირობებული. რამდენადაც პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება გამაჩნია, ნებისმიერი პოლიტიკური ბარიერის დასაძლევად ფსიქოლოგიურად მომზადებული ვარ, _ ამბობს ბატონი აკაკი.
_ თქვენ მიმართ "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ბრალდება ჰქონდა. აპირებთ თუ არა წინა ხელისუფლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გასაჩივრებას?
_ აღნიშნულ შეკითხვასთან დაკავშირებით ხაზგასმით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, არსებით მნიშვნელობას ვანიჭებ, თუ ვისგან მოდის ესა თუ ის ბრალდება, ბრალმდებლის აზროვნება რამდენად უახლოვდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებისთვის შესატყვის საფეხურს. აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას: შეიძლება თუ არა სერიოზულად აღიქვას ადამიანმა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ბრალდებები, რომლის ლიდერებმა, შეუწყნარებლობა და ტერორიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად აქციეს?! მხედველობაში მაქვს "ნულოვანი ტოლერანტობის" სამოქმედო გეგმის ოფიციალურად დამტკიცების ფაქტი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა _ "ტოლერანტობა" ლათინურიდან მომდინარეობს და შემწყნარებლობის შესატყვისი ფორმაა. რაც შეეხება "ნულს", ისიც ლათინური სიტყვაა და "არავითარს" ნიშნავს. აქედან გამომდინარე, "ნულოვანი ტოლერანტობის" ცნებაში, არავითარი შემწყნარებლობა, ე. ი. შეუწყნარებლობის შინაარსი იყო ჩადებული. ასეთ ფონზე განახორციელეს დაუსაბუთებელი ბრალდებების შეთხზვა, რომელიც საზოგადოების წინაშე ჩემს დისკრედიტაციაზე იყო გათვლილი. მათი ეს ქმედება, უდანაშაულო ადამიანების ფსიქოლოგიურად და მორალურად მომაკვდინებელი "ნულოვანი ტოლერანტობის" გეგმის ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენდა. საბედნიეროდ, ამ მძაფრ შემოტევას გავუძელი, რადგან მართალი ვიყავი. ჩემი სიმართლე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით არის დადასტურებული.
რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს _ ვაპირებ თუ არა წინა ხელისუფლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, გულახდილად გეტყვით _ ვაპირებ!
_ ვიცით, რომ თანამშრომლობას ბევრი ოპოზიციური პარტია გთავაზობდათ. მიუხედავად ამისა, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ. რატომ?
_ წარსულის გამოცდილებამ დაადასტურა: 1) როცა რომელიმე პოლიტიკური პარტია უწევს ლობირებას, ნებით თუ უნებლიედ, ნებისმიერი პიროვნება ლობისტი პოლიტიკური პარტიის ტყვეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, დეპუტატობის კანდიდატს, ამომრჩევლის წინაშე პარტიის საპროგრამო დებულებების შესატყვისი დაპირებების გახმოვანება უხდება, რომლის აღსრულება მის შესაძლებლობებს აღემატება; 2) დამოუკიდებელი კანდიდატის ფორმატით მოქმედება, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წნეხისგან დაზღვევის და თავისუფალი პოლიტიკური სივრცის შექმნის მეტ გარანტიას იძლევა. ეს ფაქტორი სრულ შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი ამომრჩევლის წინაშე წარვსდგე, როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება და ისეთი დაპირებები მივცე საზოგადოებას, რომლის აღსრულების შესაძლებლობა ხელმეწიფება.
_ რატომ მიგაჩნიათ, რომ სწორედ თქვენ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა არჩევნებზე?
_ საკითხის ასეთი ფორმით დაყენება, ვფიქრობ, უხერხულია. ამომრჩეველმა არჩევანი მხოლოდ იმ ადამიანზე უნდა გააკეთოს, ვისაც დიდ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ე. ი. თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთდაკავშირება შეუძლია და ამა თუ იმ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში შესატყვისი პრაგმატული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი შესწევს. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მის წინაშე დგას. მხედველობაში მაქვს პროფესიონალიზმსა და დილეტანტიზმს შორის არჩევნის გაკეთების, შავის და თეთრის გარჩევის აუცილებლობა.
ვისაც შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელი დღის ბედი აწუხებს, მან არჩევანი პროფესიონალიზმზე და საქმის მკეთებელ ადამიანებზე უნდა გააკეთოს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება იგი, რადგან პროფესიონალიზმმა და საქმის მკეთებელმა ადამიანებმა უნდა გადაგვირჩინოს ჩვენი უსაყვარლესი სამშობლო _ საქართველო.
_ ვინ იქნებიან თქვენი პოლიტიკური პარტნიორები?
_ამ კითხვაზე პასუხი, ძირითადად, ორ საფეხურად მესახება: საწყის ეტაპზე, სანამ დეპუტატობის კანდიდატის რანგში ვიმყოფები, პირველი პოლიტიკური პარტნიორი ჩემი ამომრჩეველია _ მის მიერ მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს აკაკი ჩხაიძის დეპუტატად გახდომის საკითხი; რაც შეეხება მეორე ეტაპს, თუ დეპუტატი გავხდები, ჩემი პოლიტიკური პარტნიორი ინტელექტუალურად მოაზროვნე, საქმის მკეთებელი და პრაგმატული გადაწყვეტილებების დროულად მიმღები ადამიანებისგან შექმნილი საპარლამენტო ჯგუფი იქნება. ამ ჯგუფის მეშვეობით მოხდება ყველა იმ საჭირბოროტო პრობლემური საკითხების დროულად გადასაწყვეტი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს.
_ ამომრჩეველი ხელისუფლებას ყოველთვის ახსენებს წინა საარჩევნოდ გაცემულ და შემდეგ შეუსრულებელ პირობებს. წინა საარჩევნოდ თქვენც მოგიწევთ დაპირებების გაცემა… რას პირდებით ამომრჩეველს?
_ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2012 წლის ჩათვლით, წინასაარჩევნოდ დაბეჭდილ ბუკლეტებს თუკი გადავხედავთ, ჩვენ წინაშე დაპირებებით დამძიმებული დოკუმენტური მასალა აღმოჩნდება. იგი დღეისთვის ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ თვალსაზრისით, რომ მასში მოტანილი დაპირებები ეტაპობრივად რომ შესრულებულიყო, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა საქართველოში განვითარებულ და აღმავალ საფეხურზე იქნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად დასაქმდებოდა და მას ლუკმაპურის საძიებლად თურქეთში და საბერძნეთში მიზერული ანაზღაურებით შეურაცხმყოფელი შრომა არ მოუხდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე ჩემს ამომრჩეველს ისეთ დაპირებებს ვთავაზობ, რომლის შესრულებას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ლობირება არ სჭირდება. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი: 1) სრული გაზიფიცირება გახორციელდება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, რომლებიც ჩემს საარჩევნო ოლქში შემოდის; 2) ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონებში აშენდება ტუნგოს მიმღები და გადამამუშავებელი ეთერზეთოვანი ორი მიკროქარხანა; 3) ერთ-ერთ კანადურ ფირმასთან შეთანხმების საფუძველზე, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაპირებთ გავახორციელოთ მწვანე მოცვის პლანტაციების გაშენება, რომლის ნაყოფის შესყიდვას იმავე კომპანია განახორციელებს; 4) მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი საარჩევნო ოლქის სოფლების მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხი დროულად გადავწყვიტო…
რაც შეეხება დაპირებების სრულ ნუსხას, იგი ჩემს საარჩევნო ბუკლეტშია წარმოდგენილი და უახლოეს პერიოდში ამომრჩეველს დაურიგდება.
_ იცნობთ თუ არა პოლიტიკურ ოპონენტებს და ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?
_ ჩემი პროფესიიდან და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკურენტებს ყოველთვის პატივისცემით და სერიოზულად აღვიქვამდი _ ეს ჩემი პირადი თანდაყოლილი თვისებაა. ამა თუ იმ პიროვნებასთან მიმართებაში, რაიმე განსაქიქებელი ფორმის გამოყენება მიუღებლად მიმაჩნია.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში მთავარი კონკურენტობის საკითხს, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხისგან თავს შევიკავებ და, ჩემს ამომრჩეველთან ერთად, 8 ოქტომბრის შედეგებს დაველოდები.
_ რას იტყვით ნინო წილოსანზე? განიხილავთ თუ არა მას კონკურენტად და იქნება თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი ის, რომ ნინო წილოსანი თქვენი ქალიშვილის მეჯვარე და თქვენი შვილიშვილის ნათლიაა? მით უმეტეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აკაკი ჩხაიძე წილოსანის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას აპირებს…
_ დავიწყებ თავიდან. როდესაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი რამდენიმე კანდიდატიდან ერთ-ერთ კანდიდატად ნინო წილოსანს განიხილავდა, ჩვენ ოჯახში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ "ოცნება" ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარ კანდიდატად ნინო წილოსანს დაასახელებდა, ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებდი ნინოს საწინააღმდეგოდ კანდიდატურის დაყენებას, რადგან ეს არ იქნებოდა ჩემი მხრიდან მართებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაველოდე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას და როდესაც მმართველმა გუნდმა ბატონი თემურ ჭკუასელი დაასახელა, მხოლოდ ამის მერე დავაყენე საკუთარი კანდიდატურა. რაც შეეხება ნინო წილოსანის კანდიდატად დასახელებას, ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო იმ ფონზე, როცა მე უკვე დიდი ხნის დაწყებული მქონდა საარჩევნო კამპანია. ასევე, მოულოდნელი იყო ნინოს გადაწყვეტილება ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც. რაც შეეხება ნინოს, როგორც ჩემს კონკურენტს, მე მას მხოლოდ ერთ რჩევას მივცემდი _ ნუ მოექცევა მამამისის _ ბადრი წილოსანის ზეგავლენის ქვეშ. ნინო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ასეთი არასწორი ნაბიჯები გადადგას ცხოვრებაში _ ჯერ მოსული არ არის პოლიტიკაში და უკვე რაღაც სამარცხვინო ნაბიჯებს დგამს, საუბარი მაქვს იმ ფურცლების დარიგებაზე, სადაც იგი ჩემსა და მის შედარებას აკეთებს. ასევე, მისი შტაბიდან ვრცელდება ჭორები, თითქოს მე ვაპირებ მის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას. რაც შეეხება აღნიშნულ ჭორს, მინდა მივმართო ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის ამომრჩევლებს და ვუთხრა, რომ არ ვაპირებ არავის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას და ბოლომდე ვიდგები ჩემი გურული ამომრჩევლის გვერდით.
_ ბატონო აკაკი, ახლა თქვენ ახსენეთ ნინო წილოსანის მამა _ ბადრი წილოსანი. ხომ ვერ გვეტყვით, რა ურთიერთობა გაკავშირებთ ბადრი წილოსანთან?
_ ბატონი ბადრი წილოსანი ჩემი თანამშრომელი იყო. როდესაც რკინიგზამ ელმავალმშენებელი და სამგზავრო-სარემონტო ქარხნები შეიერთა, ეს ქარხნები გაჩერებული იყო, ფაქტობრივად, კედლები იყო დარჩენილი და არავითარი ტექნოლოგია ქარხნებს არ გააჩნდა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროს სამგზავრო ვაგონ-სარემონტო ქარხნის დირექტორი იყო ცნობილი თბილისელი და დიდი ავტორიტეტის მქონე ჯაბაური. ჩემი დიდი მონდომებით, ქარხანამ დაიწყო საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზის დაკვეთების შესრულება. მოკლედ, ქარხნები ფეხზე დავაყენეთ. გულწრფელად გეტყვით, ბადრი არც მახსოვს, იმ პერიოდში რა თანამდებობაზე მუშაობდა. ელმავალმშენებელ ქარხანაში დავნიშნე ლანჩხუთელი ზურაბ ცინცაძე, რომელსაც დღესაც ოჯახის წევრად ვთვლი, ხოლო ვაგონ-სარემონტო ქარხანაში _ ბადრი წილოსანი, რის გამოც ყოფილ დირექტორთან დაკავშირებით გავანაწყენე ბევრი პარლამენტის წევრი და ავტორიტეტული ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვა, მე თვითონ ვთხოვე ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, მომხდარიყო ქარხნის პრივატიზაცია და დიდი წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ დღეს ბადრი წილოსანი აღნიშნული ქარხნის მესაკუთრეა.
ერთმანეთს ისე დავუახლოვდით, რომ მისი შვილი _ ნინო წილოსანი ჩემი შვილიშვილის ნათლია გახდა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ბატონი თემურ ჭკუასელის პერიოდში არ ხდებოდა სახელმწიფო რესურსების გამოყენება, ახლა კი ბადრი წილოსანის გამოჩენით სახელმწიფო სტრუქტურებიც გააქტიურდნენ და ზეგავლენას ახდენენ ჩემს მომხრეებზე _ დაიწყო "ჩემი ხალხის" გადაბირება, დაშინება და თანამდებობების შეპირებები, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები სულ მალე ხელთ მექნება, რომელსაც აუცილებლად წარვუდგენ საქართველოს პროკურატურას. მოკლედ რომ ვთქვა, ყველანაირ ბინძურ და უკანონო ხერხებს იყენებენ ჩემს "ჩასაძირად", მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ჩემს ამომრჩეველს, რომ ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით, ჰქონდეთ ჩემი იმედი, ისევე როგორც მე მაქვს მათი სწორი გადაწყვეტილების იმედი.
_ რამდენადაც ვიცით, თქვენ "ქართული ოცნების" ოპოზიცია არ ხართ… როგორ აფასებთ მმართველი გუნდის ოთხწლიან მოღვაწეობას და რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ნაწილი მხარს თქვენ გიჭერთ?
_ თუკი თქვენ მიერ დასმულ საკითხს კლასიკური გაგების ფორმატში განვიხილავთ _ პოზიცია-ოპოზიციაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მიზანშეწონილი, აკაკი ჩხაიძე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რომ იყოს. მე მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხს ვაყენებ _ აკადემიური ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრები წყვეტენ ქვეყნისა და მოსახლეობის ხვალინდელ დღეს!!! ეს მოთხოვნა, 30-წლიანი ისტორიის გამოცდილებიდან და დღევანდელი ჩვენი გაუსაძლისი ყოფიდან გამომდინარე _ სინამდვილეზეა დაფუძნებული.
რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური ძალისადმი ჩემს დამოკიდებულებას, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ "ქართულ ოცნებას" უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, თავისი სპეციფიკურობითა და პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი დატვირთვის მატარებელი იყო. ეს ამოცანა, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, "ქართულმა ოცნებამ" მაღალ დონეზე შეასრულა. აქედან გამომდინარე, დიდი უმადურობა იქნება, არ ვაღიარო ის უდიდესი დამსახურება, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის ნაციონალური მმართველობისგან ქართული პოლიტიკური სივრცის გათავისუფლების საქმეში.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" ოთხწლიან მმართველობას, გარკვეულ მიღწევებთან ერთად, მისი საქმიანობა გაცემული დანაპირების გარკვეული ნაწილის შეუსრულებლობით დასრულდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" ახალი გუნდით და საკმაოდ გამოცდილი კადრებით, მომავალ 4 წელიწადში შეძლებს იმ დაპირებების ასრულებას, რასაც ამომრჩეველს ჰპირდება.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ჩემს მხარდაჭერას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია _ იგი მხოლოდ 8 ოქტომბრის საარჩევნო მარათონის შემდეგ გამოჩნდება.