"გურია ნიუსის" კორესპონდენტების მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ ინფორმირებული არ არის. საქუჩო გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ ბევრმა ამომრჩეველმა ისიც კი არ იცის, როგორ გადაამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. ამიტომ, "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მომზადებული გადაცემა "ა'რჩევანის" პირველი ბლოკი, გასულ კვირას სასწავლო სიუჟეტებს დაეთმო.
გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები კი "პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები _ პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძე და ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩალაგაშვილი იყვნენ, რომლებიც ახალგაზრდებს "ივლიტას ბიბლიოთეკაში" შეხვდნენ.
_ მინდა გითხრათ ერთი რამ _ დღეს თუ თქვენ არ მიხედეთ თქვენს ქვეყანას, შემოგაბერდებათ თქვენი თავი ხელში და ძალიან გვიანი იქნება აყვავება, _ ასე დაიწყო ახალგაზრდებთან საუბარი პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ახალგაზრდობაში სჯეროდა, რომ ქვეყანას მშობლები მიხედავდნენ:
_ მე წყნარად მივყვებოდი დინებას და შემომრჩა დანგრეული საქართველო. ახლა გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა _ ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ჩემი ქვეყნის საშველად სხვა გზას ვერ ვხედავ. ორი თვის წინ ჩამოვაყალიბე პარტია და მაშინ ტელევიზიები ამბობდნენ, რომ ჩემზე კარგი ადამიანი ქვეყანაზე არ დადიოდა. თუმცა, დღეს, ასევე ტელევიზიების განცხადებით, ჩემზე ცუდი ამ ქვეყანაში აღარ დადის. თუმცა, არ ვნანობ _ მთავარია, მიზანს მივაღწიო, _ თქვა პაატა ბურჭულაძემ და ახალგაზრდებს მოუწოდა მხოლოდ ოჯახის უფროს წევრებს არ დაეყრდნონ:
_ თქვენ დღესვე უნდა დაიწყოთ ქვეყნის მშენებლობა. ნუ ეყრდნობით მამებს და ბებიებს. აქტიურად უნდა ჩაერთოთ არჩევნებში, რადგან თქვენს ხელშია საქართველო. მე ერთ რამეში შემიძლია ხელი შეგიწყოთ _ გამოგიყვანოთ წინ. დანარჩენი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, _ აღნიშნა ბურჭულაძემ ახალგაზრდებთან საუბრისას.
გიორგი ვაშაძის თქმით, მათი პოლიტიკური ბლოკის მიზანია, ქვეყანაში რეალურად შეცვალოს სიტუაცია:
_ გვინდა დავიწყოთ რეფორმების ახალი ტალღა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ადამიანებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა. ჩვენს პროგრამაში განათლების მიმართულებით მეტი ფინანსური რესურსების გამოყოფა, მეტი თანხების დახარჯვაა გათვალისწინებული. მაგალითად, თუ სოციალურად დაუცველია ოჯახი, ამ ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს უფასო სწავლის შესაძლებლობა. ყველას უნდა მიეცეს განათლების თანაბრად მიღების შანსი და შემდეგ უკვე გამოიყვანოს თავისი ოჯახი გაჭირვებიდან.
მეორე მხრივ, გვინდა ძალიან ბევრი პროექტის გახორციელება ახალგაზრდებისთვის. მაგალითად, საზაფხულო ბანაკები საქართველოს საზღვრებს გარეთ. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ახალგაზრდების განვითარებას. აძლევდეს მათ საშუალებას, საკუთარი თვალით ნახონ ევროკავშირის ქვეყნები. მართალია, ყველა ვერ წავა, მაგრამ ვინც კარგად ისწავლის, მათ უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. ასევე, ჩვენ ვაპირებთ სერიოზული ინვესტიციების ჩადებას მასწავლებლებსა და პროფესორებში, რაც ნიშნავს გადამზადების კურსების დაფინანსებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ერთ-ერთი პირველი პრობლემა იმისა, თუ რატომაც არ შემოდიან მსხვილი ინვესტორები ქვეყანაში, სხვა პრობლემებთან ერთად, არის შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის ადამიანების არარსებობა. საჭიროა არა საუნივერსიტეტო ქალაქების დაარსება, არამედ კონკრეტული პროექტები იმისთვის, რომ ყველა ქალაქში არსებობდეს ცოდნის რაღაც ცენტრი. თანამედროვე ცოდნა არ არის მაინცდამაინც ის, რომ მაგისტრატურაზე ორი წელი უნდა ვისწავლოთ და ბაკალავრიატში _ ოთხი წელი. მე ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული ვარ და იქაც ყველა რექტორი ამბობს, რომ დღეს ყველაზე სწრაფად ვითარდება ადამიანი, ვინც, მაგალითად, ორ-სამ კვირას უთმობს თავისი ცოდნის გაღრმავებას, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პაატა ბურჭულაძის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა ერის განათლება:
_ მიხო მირველაშვილი არის ქართველი ებრაელი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ეს კაცი მილიარდერია და გასული წლის ბოლოს დამპატიჟა მსოფლიო ებრაელთა კონგრესზე, სადაც მას აჯილდოებდნენ. ეს დაჯილდოება ხდება ორ წელიწადში ერთხელ და იქ იკრიბებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ებრაელები. რაც იქ ვნახე, ჩემთვის მართლაც საოცრება იყო _ ორ საათში შეკრიბეს 350 მილიონი დოლარი და გადაუგზავნეს თავის ქვეყანას. ყველაზე ძალიან გულზე მომხვდა ის, რომ ამ 350 მილიონიდან 170 მილიონი გაუგზავნეს იმ ბავშვებს, რომლებსაც ისრაელში უნდოდა სწავლა. ამას იმიტომ ვყვები, რომ უფრო კარგად ავხსნა განათლების მნიშვნელობა. ებრაელი ერი ხვდება, რომ თუ ახალგაზრდამ არ ისწავლა, დაიღუპება. ერის განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, რადგან თუ ერი განათლებული არ არის, მაშინ ის ემსახურება სხვა განათლებულ ერს. ამიტომაც, ჩვენ პირველ რიგში, ერი უნდა გავანათლოთ, _ აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
სამომავლო გეგმებზე პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ჩოხატაურის-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში გურამ ჩალაგაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურიაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი:
_ ჩოხატაური არის რაიონი, სადაც სოფლების 80%-ს არ მიეწოდება ტექნიკური წყალი; ეს არის რაიონი, რომლის სოფლების 90%-ში არ არსებობს წესიერი გზა და ინფრასტრუქტურა; სადაც არ არსებობს პერსპექტივა დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება და რაიმე გაკეთდება. დაახლოებით, 320 შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია, რომელიც იტყვის, რომ რაიონში რაიმე კარგი გაკეთდა.
ყველა რაიონს სჭირდება გვერდში დგომა, თუ ქვეყანა კიდევ ოთხი წელი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ვართ დღეს, დამერწმუნეთ, რომ ოთხი წლის შემდეგ სოფლები დაიცლება. საქართველოს არ ეშველება მანამ, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ხელისუფალი, რომელსაც ეცოდინება, რომ თუ არ იქნება სოფელი, არ იქნება რაიონი, ქალაქს არაფერი ეშველება. არის საუბარი, რომ მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობას. ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება არ არის ერთადერთი პრიორიტეტი _ ჩვენთვის მთავარია სოფლის განვითარება. ზოგადად, სოფელს უნდა ჰქონდეს თავისი ფასი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობას არ გაუჩნდეს სოფლის დატოვების სურვილი. სამწუხარო რეალობაა, რომ სოფლები და რაიონები ახალგაზრდებისგან დაცლილია. მათი უმეტესობა თურქეთში მუშაობს ოჯახის გამოსაკვებად. დღეს ქვეყანას თუკი ვინმე უშველის და თუკი ვინმეს შეუძლია ქვეყანა გადაარჩინოს, ეს გახლავთ ის ახალგაზრდობა და ის ახალგაზრდა გუნდი, რომლებიც შეკრებილნი არიან პაატა ბურჭულაძის ირგვლივ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი უკეთებია, რომლებმაც იციან საქმის სწორად კეთება და დღეს გვაქვს სურვილი, რომ კიდევ ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც სჭირდება ქვეყანას. არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ ვართ ასეთები _ რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი აზრი გაქვთ, რომელსაც პატივს ვცემთ, მაგრამ მთავარია, რომ სწორად შეაფასოთ ვითარება და 8 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთოთ, _ განაცხადა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატობის კანდიდატმა გურამ ჩალაგაშვილმა.
კითხვაზე, რატომ შექმნა პოლიტიკური პარტია არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლებამ აიძულა:
"არასდროს მინდოდა პოლიტიკაში შემოსვლა, მაგრამ როცა ვიგრძენი, ქვეყანაში საქმე ცუდად მიდიოდა, შევქმენი საქართველოს განვითარების ფონდი. დავდეთ პროგრამა და მთავრობას შევუთვალეთ, რომ შეგვხვედროდნენ. პირადად ვურეკავდი, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გამონახა დრო. მაშინ ვთქვით, რომ თუ არ დაგვიძახებდნენ, მოვიდოდით პოლიტიკაში. ვერ შეგვხვდნენ და ჩვენც შემოვედით, _ აღნიშნა ბურჭულაძემ და განმარტა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ამ საკითხზე ბევრჯერ დაურეკა, თუმცა, უშედეგოდ.
პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის პარტიას ბევრი ადამიანი არ ტოვებს: _ ჩვენზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა და ამაზე ხმას არავინ იღებს. ყველაფერი გადმოტანილია ჩვენზე, რომ როგორმე პრობლემები არ შევუქმნათ მთავრობას. კიდევ გაიგებთ, რომ ვიღაცებმა დაგვტოვეს, მაგრამ ხომ ხედავთ _ გვტოვებენ ვითომ ასობით, მაგრამ მაინც ათასობით და ათიათასობით ვრჩებით. რაღაცაშია საქმე _ უნდა დავფიქრდეთ… "ქართული ოცნება" საერთოდ დაიშალა. პარტიას კი არ ტოვებენ, ფრაქციები დაიშალა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. როდესაც გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებდა, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი პარტიის შიგნიდან გასატეხად. თუმცა, იმავე განცხადებაში, რამდენიმე წუთში აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარტია. ახლა თქვენ გაიგეთ, რომელია სწორი, _ თქვა ბურჭულაძემ და კითხვას, რომელია სწორი და ვის ემხრობა ბურჭულაძის გუნდი, არ უპასუხა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზეზი გაერთიანების მზარდი რეიტინგია:
_ ეს არის საფრთხის შემცველი "ქართული ოცნებისთვისაც' და "ნაციონალური მოძრაობისთვისაც". როცა ვერ გებრძვიან პროგრამით, ელექტორატთან ურთიერთობით, საქმის კეთებით, ერთადერთი გზა რჩება _ გვესროლონ რაც შეიძლება მეტი ტალახი, _ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, იყენებდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ერთ-ერთი სახეც ვაშაძე იყო, იმავე მეთოდებს 9 წლის განმავლობაში, გორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში 2012 წლიდან ჩაერთო:
_ პოლიტიკაში ჩავერთე 2012 წელს _ მანამდე პოლიტიკაში არ ვყოფილვარ. მქონდა ჩემი საქმე და იმას ვაკეთებდი. "ნაციონალური მოძრაობიდან" იმიტომ წამოვედი, რომ იქ დარჩენილი ჯგუფი რაციონალურად ვერ აფასებს შეცდომებს, რომელიც იყო. პირდაპირ და ღიად გეუბნებით _ არ მგონია, რომ შურისძიებას ისევ შურისძიებით უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ. 2012 წლის მერე "ქართული ოცნების" პრობლემა იყო ის, რომ საქმის კეთებაზე მეტად შურისძიებაზე გადაერთნენ. როცა სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ეს პროცესი უნდა წარმართულიყო კანონის შესაბამისად და ყველა დამნაშავეს პასუხი სწორედ კანონის წინაშე უნდა ეგო, _ თქვა ვაშაძემ.
გადაცემის ნახვა, რომელშიც ბლოკის ლიდერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზეც ისაუბრეს და ახალგაზრდების შეკითხვებსაც ვრცლად უპასუხეს, შეგიძლიათ "გურია ნიუსი" ვებგვერდზე _ www.gurianews.com.
"Post ალიონის" და "გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტი "ა’რჩევანი: "არ იქნება წინსვლა, თუ დაგვეზარა მისვლა!"
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.