ორგანიზაცია "ახალაზრდა ადვოკატები" საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და ს.ს. "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის სამართლებრივ პოზიციას სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს და ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთა პოზიციას სისტემური დანაშულის მხარდაჭერად მიიჩნევს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს 2006 წლის 4 ნოემბერს, მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში განცხადება დააწერინეს, რითაც, სახელმწიფომ მოქალაქეს, როგორც ქონება, ასევე ბიზნესი დაათმობინა.
ორგანიზაციის ცნობით, რამაზ ახვლედიანს განცხადება საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის სახელზე დააწერინეს.
"განცხადებაზე რეგისტრირებულია მისი თვითმმართველობის ორგანოში ოფიციალური რეგისტრაციის ნომერიც და თარიღიც. დოკუმენტი მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში, რამაზ ახლედიანის განცხადება რეგისტრირებულია განცხადებაზე ხელმოწერიდან მეოთხე დღეს – 8 ნოემბერს. წარმოდგენილი დოკუმენტი პირველი საჯარო დადასტურებაა, თუ როგორ ხდებოდა ქონების დათმობაზე მესაკუთრეთა განცხადებების მომზადება. ორგანიზაციამ აღნიშნული დოკუმენტი, მრავალთვიანი კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო. სწორედ აღნიშნულის შემდგომ განახლდა სასამართლო დავაც, თბილისის მერიის დღევანდელი სამართლებრივი პოზიციით კი, ნათქვამია, რომ რამაზ ახვლედიანს პირადი სურვილი ამოძრავებდა, დაეწერა განცხადება და დაერეგისტრირებინა თბილისის მერიაში. შესაბამისად, მისი მოთხოვნები დაუსაბუთებელია, რაც ცინიკური დამოკიდებულებაა ქონებაჩამორთმეულის საქმეზე", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიზნესმენმა რამაზ ახლედიანმა აღნიშნა, 2006 წლის 4 ნოემბერს, ის დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს.
ორგანიზაციის ცნობით, რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა.
"წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა", _ აღნიშნავენ "ახალგაზრდა ადვოკატები".
ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. "ლისის ტბას", აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე.
"ახალგაზრდა ადვოკატები", ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის მერიისა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დღევანდელ თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართულია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ და აღნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი მოცემულობა, როდესაც საკუთრების დათმობას ხელი შეუწყეს იმ ბიზნეს-პარტნიორებმაც, რომლთა მოქმედებებშიც სახელმწიფოსთან ფარული გარიგებები იკვეთება.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ შესაძლებელია გავლენის სფერო მოსამართლის მიუკერძოებლობაზე მოქმედებდეს.
"სასამართლომ ვერ შეძლოს პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება. რამაზ ახვლედიანი საკუთარი ქონებრივი უფლებების აღდგენას საქართველოს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტის მეშვეობითაც ცდილობს", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ცნობითვის, "ახალგაზრდა ადვოკატები" რამაზ ახლედიანის საქმეზე მონიტორინგის შედეგები 2015 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა. რამაზ ახვლედიანი საკუთარი ქონებრივი უფლებების აღდგენას საქართველოს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტის მეშვეობითაც ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით "გურია ნიუსს" ერთი სტატია უკვე გამოქვეყნებული აქვს – რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან
ამავე თემაზე: