პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
_ არჩევნები ახლოვდება და შესაბამისად, დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას საარჩევნო თემებს და გარემოს დავუთმობ.
პირველ რიგში, მინდა, მოგახსენოთ, რომ წარმატებით გრძელდება საპრეზიდენტო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალია", რომელშიც ახალგაზრდების მეშვეობით, პრეზიდენტი ამომრჩეველს გააქტიურებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლების დასრულების შემდეგ, პროექტი გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან" ერთად.
ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფროსკლასელები თავიანთ რეგიონებში მოუწოდებენ მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას.
ამ ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესში თითოეული ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.
გარდა ამისა, ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც, მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტი სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ამ კამპანიის სახელწოდება, პირობითად არის – „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა".
ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს, სადაც საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. და, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.
ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.
ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
დავუბრუნდეთ ისევ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს მემორანდუმის ხელმოწერისკენ.
მართალია, მემორანდუმები არ არის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა.
კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება _ აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია, _თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.