ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას 8 ოქტომბერს გასამართ არჩევნებამდე დათანხმდეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ევროკავშირის დიპლომატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გერმანიამ 3. 7 მილიონიანი ერისთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ივნისში დაბლოკა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი საფრანგეთმა და იტალიამ დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნები საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით მას შემდეგ ფრთხილობენ, რაც 2015 წლიდან ბლოკში მიგრანტების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ვიზა ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერდა.
ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ქვეყნებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება სურთ.
„ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა ამბობს, რომ მათ სურთ საქართველომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ განსხვავებულად მოქმედებენ,“_ აცხადებს ერთ-ერთი დიპლომატი.
სხვა დიპლომატების განცხადებით კი „სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება“ საქართველოს გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაცია მიანიჭონ, გარდა ამისა, ოპოზოცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიამ ვერ შეძლო საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელება.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი საბჭოთა ერი რუსეთის საზღვარზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ კამათს იწვევს, გარდა ამისა, საქართველოს დასავლეთისადმი მისწრაფებას მოსკოვი ეწინააღმდეგება, რომელიც ერს თავისი გავლენის ნაწილად აღიქვამს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში მიმოსვლის გამარტივებასთან დაკავშირებით მსჯელობას ემთხვევა უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის გამარტივების საკითხის განხილვაც, თუმცა ეს 2 ქვეყანა ევროკავშრისთვის უფრო პრობლემატურია, საიმისოდ, რომ მიმოსვლის წესები საქართველოზე ადრე გაუმარტივონ.