გორში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტის მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა _ 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა. მისი განცხადებით, ოქრუაშვილი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმე ნასამართლევია.