დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არჩევნები ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისათვის. პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს, ევროპულ მომავალს,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა წესრიგისა და თავისუფალი არჩევნებისთვის სათანადო გარემოს უზრუნველყოფაში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.
"დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში გადაიდგა," – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ყველაფერი გააკეთა, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში ჩაივლის და საქართველოს მოსახლეობა, არჩევნებში მონაწილეობით, აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებაზე.