ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
სხდომის მსვლელობისას ევროპელმა კოლეგებმა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ბორის სილევიჩმა, რომელიც საქართველოზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გამორჩეულად მშვიდი ყველა იმ საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც მანამდე ქვეყანაში ჩატარებულა, რაც სათანადოდ აღნიშნულია ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებში.
მონიტორინგის კომიტეტის წევრმა სტეფან შენახმა (ავსტრია) აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ასევე, ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრირების მაღალ ხარისხს, რაშიც მისი თქმით, განსაკუთრებული როლი მიუძღვით კომისიის ქალ წევრებს, რაც ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მუშაობას 15 ოქტომბერს დაასრულებს.