ათიდან თხუთმეტი ოქტომბრის ჩათვლით, სამტრედიამ ღვაწლმოსილი მწვრთნელის, ანზორ მაჩიტიძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა ჭადრაკში.
მთლიანობაში ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 15 ქალაქის 120-მა მოჭადრაკემ, მათ შორის თითქმის ყველა კონკურენტუნარიანი ლანჩხუთელი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი.
ჩემპიონატი სამ ტურნირად ჩატარდა: რვა და ათ წლამდე ბიჭები და გოგონები და ღია ტურნირი, რომელშიც ასაკის შეუზღუდავად ნებისმიერ მოჭადრაკეს შეეძლო მონაწილეობა.
რვა წლამდე გოგონებში შესანიშნავად იასპარეზა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, პერსპექტიულმა მოჭადრაკემ, მარიამ სარიშვილმა (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე), რომელმაც მთელი ტურნირი ბრწყინვალედ ითამაშა, შანსიც კი არ დაუტოვა კონკურენტებს და შესაძლო შვიდიდან ექვსი ქულით ჩემპიონობა მოიპოვა.
ათწლიანთა გათამაშებაში გივი ზოიძე, საბა ჭეიშვილი და ალეკო სტურუა მონაწილეობდნენ. აქ ლიდერობა გივიკომ ითავა. მან ჩვეული შეუპოვრობით და მონდომებით იბრძოლა, ძალიან ახლოს იყო საპრიზო ადგილთან, მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში ვერ სძლია ემოციებს და უწყინარ სიტუაციაში დასანანი შეცდომის გამო პარტია დათმო.
ღია ტურნირში ცალკე იყო გამოყოფილი 12-14-16 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის საპრიზო ადგილები. აი, აქ კი ჩვენებმა ნამდვილი სენსაცია მოახდინეს. გათამაშება უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და ჩემპიონები გახდნენ: 12 წლიანებში _ გიორგი ფირცხალაიშვილი, 14 წლიანებში _ თეა იმნაძე და 16 წლიანებში – ლიკა იმნაძე. თუ ლიკას ჩემპიონობას მიჩვეულნი ვართ, გიორგისა და თეას ჩემპიონობა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. კარგია, რომ თეას, ამ ძალიან მოწესრიგებულ, შრომისმოყვარე მოჭადრაკეს, რომელსაც ხშირად არ უმართლებს, ამჯერად ვერაფერმა შეუშალა ხელი (სამთავე ჩემპიონის მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილია).
ღია ტურნირში მონაწილეობა მიიღო სპორტული ცენტრის მწვრთნელმა ტარიელ ხუხუნაიშვილმაც, რომელმაც რამდენიმე ურთულესი პარტია მოიგო და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადასცა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა მაჩიტიძემ.
ბავშვების შედეგების მიხედვით მწვრთნელთა კონკურსში გაიმარჯვა და ფულადი პრიზი მიიღო ჩვენებურმა ადამ ხუხუნაიშვილმა.