ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, შეიძლება ისევ ვერ შედგეს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასამართლოში მოხდეს მხოლოდ ფორმალური ცვლილებები, რეალური ძალაუფლება კი კვლავ შეინარჩუნოს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა პირებმა.
"ვინ გახდება სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, დამოკიდებული იქნება სასამართლოს რეალურ სურვილზე, სურს გააგრძელოს რეფორმირება თუ მხოლოდ შემსრულებელ სასამართლო შტოდ. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აქტიურად ლობირებს მოადგილის, ზაზა თავაძის კანდიდატურას, რაც არასათანადო პირობებში ამყოფებს სასამართლოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატს – ირინა იმერლიშვილს. ორგანიზაცია მოითხოვს, გიორგი პაპუაშვილმა, პირდაპირ თუ ირიბი ფორმით, შეწყვიტოს სასამართლოს მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მოემზადოს პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სასამართლოში ნეპოტიზმის ფაქტებთან და ყოფილი პოლიტიკური გუნდის – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დასაქმებასთან, კოლოსარული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯებთან, არამედ პასუხი აგოს სახელმწიფოსთან სამართლებრივ კონფლიქტში – მოქალაქე როლანდ ბლადაძის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე – აჭარის ა/რ პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და მიტაცებულ ბინაში ოჯახთან ერთად, ცხოვრების გაგრძელებაზე", _ აცხადებს კაიკაციშვილი.
"ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვეს, ხელი შეუწყოს სამართლიანობის დამკვიდრებას და თანასწორუფლებიანობის აღგენას საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში.
"საქართველოს არც ერთ მოქალაქეს აღარ უნდა დარჩეს განცდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბოლოსდაბოლოს, საქართველოს მთავრობამ სამართლიანობა უნდა აღადგინოს სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ საკუთრებასთან დაკავშირებით. ვიდრე სახელმწიფო ამ საყოველთაო საქმეზე უმოქმედოდ იქცევა, ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ ექნება სამართლიანობის განცდა. სახელმწიფოს უმოქმედობამ ახალი სისტემური დანაშაული არ უნდა შექმნას, რაც არც არის საზოგადოების დღევანდელი მოთხოვნა.
"ახალგაზრდა ადვოკატები" მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხზე მიმართავს და ცალსახა პოზიციას აფიქსირებს, რომ მთავრობამ არ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წელს დაშვებული ელიტური კორუფციის ფაქტი, როდესაც სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად, სასამართლოს ყველა მოსამართლეს უძრავი ქონებები საჩუქრად გადაეცა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად, "მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე–11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია "მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად ქალაქში (რაიონში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს". მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ახალი მოსამართლეების მიმართ თანაბარი სოციალური დაცვის გარანტიები შექმნას, თუმცა "აუცილებელი საცხოვრებელი ფართით" უზრუნველყოფა, არ ნიშნავს მოსამართლისთვის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში ქონების გადაცემას. ასეთი საცხოვრებელი ფართი, მოსამართლეს შესაძლებელია გადაეცეს დროებით სარგებლობაში იქედან გამომდინარე, რომ ბინის ქირა, შესაძლებელია, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადით, მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებთან იყოს დაკავშირებული", _ ამბობს კაიკაციშვილი.
მისივე განცხადებით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ის სტანდარტები და მიდგომები, როდესაც მოსამართლეების დამორჩილება ძვირადღირებული ქონებებით შეძლო. ეს გახლდათ, მსოფლიოს მასშტაბით, არნახული ელიტური კორუფციის ფაქტი. შესაბამისად, წარმოუდგენელია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი და შემდგომი მოსამართლეების მიმართ წინა ხელისუფლების სტანდარტი დავუშვათ – მათი სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, ლეგიტიმაცია გავუკეთოთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მიდგომებსა და პრაქტიკას. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა მოხდება და მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, ხელისუფლება ახალი სტანდარტებით იხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურაა დასახელებული – ზაზა თავაძე და ირინე იმერლიშვილი. ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი. ხოლო ვინ წარადგინა ზაზა თავაძე, ამის შესახებ ჯერჯერობით სასამართლოში განმარტებები არ გაკეთებულა.
საკონსტიტუციო თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევის თაობაზე პლენუმის სხდომა ხვალ, 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ამავე თემაზე:
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა დასახელდა
დაუჭერს თუ არა პლენუმი მხარს ირინე იმერლიშვილის კანდიდატურას
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები