ხაშურში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ფრაქცია „თოფაძე-მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, ნოზაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი დაამარცხა.
„კვირასთან“ საუბრისას გელაშვილმა ხაშურელებს არჩევნების მშვიდობიანი დასრულება მიულოცა.
„არჩევნების მშვიდობიან დასრულებას ვულოცავ ხაშურელებს. პირადად სიმონ ნოზაძეს ვერ მივულოცავ გამარჯვებას, რადგან ის 1999 წლიდან გარკვეულ ეტაპებზე ჩემი კონკურენტი იყო. მე არ ვიცი ეს შედეგი რატომ დადგა, თუმცა მაინც დადებითად უნდა ჩაითვალოს, რომ აქ არ არის გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო არჩევნების მშვიდობიანად დასრულება, რაც მიღწეულია და დემოკრატიის ტესტი საქართველომ წარმატებით ჩააბარა. კონკრეტულად ხაშურში კი არჩევნები ექსცესების გარეშე დასრულდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში სიმონ ნოზაძემ ვალერი გელაშვილს 10 პროცენტით აჯობა.
წყარო: kvira.ge