საქართველოში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დასრულებას და "ქართული ოცნების" მიერ მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ეხმაურება:
"მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ღირსეული არჩევანი, განსაკუთრებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სადაც კენჭს სამი მაჟორიტარი კანდიდატი იყრიდა. მადლობას გიხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც გვიასმაგებს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას თითოეული თქვენგანის მიმართ. თქვენ არ შემცდარხართ არჩევანში!
ახლად არჩეული კანდიდატები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ხახუბია და ნინო წილოსანი ყველაფერს გააკეთებენ რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის! "ქართულმა ოცნებამ" ისინი სწორედ მათი პოტენციალის და ინტელექტუალური რესურსის მიხედვით შეარჩია.
მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც არ დაიზარა და კიდევ ერთხელ მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებით, იმ სოფლების მაცხოვრებლებს, სადაც განმეორებითი ტურები ჩატარდა. მოსახლეობამ ადეკვატურად შეაფასა ჩვენ მიერ გახორციელებული პროექტები, თუმცა, გასაკეთებელი ბევრად მეტი გვაქვს.
მადლობა „ქართული ოცნების" შტაბის ყველა წარმომადგენელს, შტაბის ხელმძღვანელობას სწორად წარმართული საარჩევნო პროცესისთვის. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. უღრმესი მადლობა საარჩევნო კომისიის წევრებს პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოსთვის, მედიას საარჩევნო პროცესის ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებისთვის.
ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა!
ვამაყობ თითოეული ოზურგეთელით, ქალაქისა თუ სოფლის მაცხოვრებლით!
გურია ყოველთვის იყო და იქნება სწორი და ღირსეული არჩევანის მაგალითი, რომელსაც მმართველი გუნდი სათანადოდ დააფასებს!" _ აღნიშნულია მერაბ ჭანუყვაძის განცხადებაში.