„ჯერჯერობით, ვრჩები პარტიაში“, _ ამბობს „რესპუბლიკური“ პარტიის ლანჩხუთელი ლიდერი რომან ბიწაძე, რომელიც საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.
ბიწაძე არ არის ჩამოყალიბებული, როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები პარტიულობასთან მიმართებაში და ამ ეტაპზე გადაჭრით ვერ ამბობს, ბოლომდე უერთგულებს პარტიას, თუ დატოვებს მის რიგებს დავით უსუფაშვილისა და თენგიზ შენგელაშვილის დარად, რომელთა თხოვნითაც თავად 2006 წელს გახდა „რესპუბლიკელი“.
„დავით უსუფაშვილს პარტიის დატოვების განცხადება სპონტანურად არ მიუღია. ჯერ კიდევ 2011 წელს აპირებდა ის ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ მაშინ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ივანიშვილი, რომლის დაჟინებული თხოვნითაც უსუფაშვილი დარჩა. საქართველოში დათოს დონის პოლიტიკოსი ნაკლებადაა და სირცხვილად მიმაჩნია ასეთ ადამიანს, რომ არ აირჩევ პარლამენტში.
ვფიქრობ, დავით უსუფაშვილი ახლა პარტიას შექმნის, სადაც ბევრი „რესპუბლიკელი“ გადავა. შეიძლება მეც მათ შევუერთდე, არაფერს გამოვრიცხავ. ერთი, რაც შემიძლია ახლა დარწმუნებით ვთქვა, ისაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უსუფაშვილის პარტია გაიმარჯვებს. ეს გარდაუვალია, რადგან იყო ერთი ძალა, რომელიც ცხრა წელი მართავდა ქვეყანას. ახლა მეორე ძალაა, რომელსაც რვაწლიანი რეგლამენტი აქვს. შესაბამისად, ახლის მოსვლის დროა 2020 წელში. პირადად, ძალიან მენიშნა ირაკლი ალასანიას წასვლა „თავისუფალი დემოკრატებიდან“, არ გამოვრიცხავ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ხალხიც შემუერთდეს ამ ახალ ძალას. უსუფაშვილის მიერ შექმნილ ახალ გაერთიანებას, რომელსაც პირდაპირი და ცალსახა მხარდაჭერა ექნება დასავლეთიდან, „რესპუბლიკელებიც“ შეერწყმებიან.
მე ბოლო საუბარი უსუფაშვილთან ფოთში, მისი წინასაარცევნო ვიზიტისას მქონდა და ამ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს ახალი ძალა მზად იქნება“, _ ამბობს რომან ბიწაძე.