კარს მომდგარი ზამთრის ფონზე ირკვევა, რომ ლანჩხუთში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეშის მოსაპოვებლად გზას ეძებს. მოსახლეობას ეს პრობლემა მრავალი წელია აწუხებს, თუმცა, ირკვევა, წელს ამ კუთხით მდგომარეობა ბევრად უარესია.
ადგილობრივთა თქმით, ახლანდელი მდგომარეობის უმთავრესი მიზეზი ეროვნული პარკია, რომელიც მუნიციპალიტეტის კუთვნილი 9 800 ჰექტარ ფართობს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ, თავის დროზე, დაცული ტერიტორიების საკუთრებაში აღნიშნული ფართის დარეგისტრირებამ ადგილობრივი საზოგადოების ფართო სპექტრში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ერთ-ერთი, ვინაც შექმნილ პრობლემას ეროვნულ პარკს უკავშირებს, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძეა. მისი თქმით, წელს მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა ამ მხრივ, რაც მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიების საკუთრებაში მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფართობის გადაცემამ გამოიწვია, რის გამოც დროულად არ მოხდა მოსახლეობისთვის საშეშე ტყე-კაფების გამოყოფა:
"ადგილობრივი ხელმძღვანელობის ბრალეულობა აქ არაა _ არა ერთი წერილი გავაგზავნეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, მთავრობაში, პრემიერთანაც. ახლა კოლხეთის დაბლობში საშეშე ტყე-კაფი გინდ გამოყოფილა, გინდ _ არა. იქ აწი მუხლუხიანი ტრაქტორების გარდა ვერაფერი შევა", _ ამბობს ჩახვაძე და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემის ნაწილობრივ მოსაგვარებლად საკუთარ მოსაზრებასაც სთავაზობს: "ტყისა და საყანე ფართობებისკენ მიმავალ გზებს არხები მიჰყვება, სადაც ამოსულია ხეები. წესით, ამ არხების გასაწმენდად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები უნდა იყოს გათვალისწინებული და საკუთარი ძალებით უნდა მოვაწესრიგოთ. თუმცა, უსახსრობის გამო, ასე არ ხდება. ამიტომ, მივცეთ მოსახლეობას უფლება, საკუთარი ხარჯებით გაწმინდონ ეს არხები და მოპოვებული შეშა თავადვე მოიხმარონ. ამით ორი საქმე გაკეთდება _ არხებიც გაიწმინდება და გლეხსაც ზამთარში შეშა ექნება".
მოსახლეობისთვის შეშის მიწოდების ჩახვაძისეული იდეას საკრებულოს სხვა დეპუტატებიც იზიარებენ, თუმცა, ამბობენ, რომ პრობლემას ეს ვერ გადაჭრის. შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი იმნაიშვილის თქმით, მის სოფელში მოსახლეობა, ფაქტობრივად, ზამთარში გათბობის გარეშეა დარჩენილი და ახლა პრობლემის გადაჭრისთვის ღონისძიებების გატარებას დაგვიანებულად მიიჩნევს:
"ძალიან გვიანია ახლა იმაზე ზრუნვა, როგორ და სად მოჭრას გლეხმა ზამთრისთვის შეშა. ასე დაგვიანებით რომ ვაკეთებთ ყველაფერს, იმიტომ ვიღებთ მოსახლეობისგან შესაბამის შეფასებებს. გასაგებია, არ არის ადგილობრივი ხელისუფლება დამნაშავე, მაგრამ გლეხს ეს არ აინტერესებს _ ადგილზე ჩვენ წარმოვადგენთ მათთვის ხელისუფლებას და ისინიც პასუხს ჩვენ გვთხოვენ," _ ამბობს იმნაიშვილი.
გლეხობა რომ მართლაც უმძიმეს პირობებშია და ზამთრისთვის შეშის მოპოვებას ვერ ახერხებს, ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე სარიშვილიც ადასტურებს და ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი ისიც იქნება, რომ ამ ზამთრის პირობებში მაინც გამარტივდეს გლეხისთვის საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ხის მოჭრაზე ნებართვის გაცემა:
"გლეხმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ხე რომ მოჭრას, საამისოდ სათანადო ცნობა უნდა ჰქონდეს, რომლის ასაღებად სოფლიდან რაიონულ ცენტრში უნდა ჩამოვიდეს. თუ ეს ცნობა არ ექნა, საკმაოდ დიდ ჯარიმას აკისრებენ. წარმოიდგინეთ გლეხის მდგომარეობა, ჩოჩხათიდან რომ ჩამოვა, დაწერს განცხადებას, ორი დღის მერე კი ცნობის წასაღებად ისევ ლანჩხუთში რომ მოუწევს ჩამოსვლა. რაღაც უნდა შევცვალოთ ამ კუთხით და ამ ზამთრის პირობებში მაინც გავუმარტივოთ გლეხს ამ ცნობის მიღება", _ აღნიშნავს სარიშვილი.
რა შედეგს მისცემს ლანჩხუთელ გლეხობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლთა მცდელობები ამას ახლო მომავალი აჩვენებს, მანამდე კი მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ცდილობს, გაუმკლავდეს ნაადრევი ზამთრისგან წამოჭრილ პრობლემებს, რომელთა შორის უმთავრესი შეშის მოპოვებაა.