საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ბადრი ჩერქეზიშვილს, 5 თვეში, 44 877,57 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც თვეში 8 ათას ლარზე მეტია და მინისტრის ხელფასს 3 ათასი ლარით უსწრებს.
ამის შესახებ ჩერქეზიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დეკლარაციის თანახმად, ბადრი ჩერქეზიშვილს 2016 წლის 11 ივლისიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე 44877,57 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. მანამდე კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან 1 იანვრიდან 11 ივლისამდე 10430,00 ლარის შემოსავალი მიუღია.
რაც შეეხება წინა წლის შემოსავალს, როგორც საჯარო სამსახურის ბიურო-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ბადრი ჩერქეზიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან 25282.00 ლარი აქვს მიღებული. ოჯახის სხვა შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული.
2017 წელს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ბადრი ჩერქეზიშვილს ნაღდი ფულის სახით 4700 ლარი ჰქონდა, ხოლო “თი–ბი–სი ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 1000,00 ლარი ერიცხებოდა.
ბადრი ჩერქეზიშვილის სახელზე ორი სესხია, 19500,00-დოლარიანი სამომხმარებლო სეხი მას 2014 წელს აუღია და ვადა 2021 წელს ეწურება, გასულ წელს კი ბანკისთვის 4266,00 დოლარი გადაუხდია, რაც შეეხება 26000,00-ლარიან სამომხმარებლო სესხს, ჩერქეზიშვილს ის 2016 წელს აქვს აღებული და ვადა 2020 წელს ეწურება.
ცერქეზიშვილის ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ქონებაა, 2011 წელს, 57000,00-დოლარად ნაყიდი 89,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ნში, რომელსაც მისი მეუღლე, ლელა არაბული ფლობს.