საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ფოლკლორის ცენტრი ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთ ფლიგელში განთავსდება.
დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ სამუშაოები პირადად მოინახულა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად ის საკითხები განიხილა, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის რეგიონულ ცენტრში საქართველოს ფოლკლორის ფონდის საცავი განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრში საკონცერტო დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდიები და სალოტბარო სკოლა მოეწყობა.
“ქალაქში უკვე ორი მასშტაბური პროეტის განხორციელება მიმდინარეობს. ფონდი ‘’ქართუს" მიერ რეაბილიტაცია უტარდება თეატრის შენობას, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეაბილიტაციას ახორციელებს. ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ დაიწყება მუზეუმის მეორე ფლიგელის რემონტი და ქალაქ ოზურგეთს კეთილმოწყობილი, ყველა თანამედროვე სტანდარტის მქონე მუზეუმი ექნება. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მალე განახლებული და სულ სხვა იერის მქონე ქალაქი გვექნება “ – აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.
ფოლკლორის ცენტრის არსებობა ხელს ქალაქ ოზურგეთის პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ფოლკლორი აინტერესებს, საშუაელბა ექნება ფოლკლორის ხელოვნებას სრულყოფილად დაეუფლოს. (R)