რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორს, ნათელა ჯინჭარაძეს სასამართლომ გირაოს სახით 2000 ლარიანი შეუფარდა.
ბრალდების მხარე 5000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ პროკურორის წინადადება არ გაითვალისწინა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 დეკემბერს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.
როგორც გუშინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.