მე ვფიქრობ, ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს არსებული საბანკო მონოპოლიისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბანკები დღეს მოქმედებენ სხვადასხვა თვალთმაქცური გზებით, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
მისივე თქმით, ეს ქმნის სხვადასხვა პრობლემას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის ცვლილებაზე.
ჭიჭინაძის განცხადებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გააქტიურდება.
„ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებული ცვლილებები, არის მძიმე მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. პირველ რიგში, ეს არის ბანკების არაპროფილური საქმიანობა, რაც ვფიქრობ, ყველაზე მეტად ავიწროებს ბიზნესს და ქმნის დასაქმების პრობლემას. პრაქტიკულად, დღეს ყველაფერი მონოპოლიზებულია ბანკების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.
ბიზნესს აქვს თავისი მოქმედების არეალი. ბანკებს კი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ და მხოლოდ თავისი საკრედიტო პოლიტიკა და არა საინვესტიციო, რადგან მაშინ უნდა იყვნენ საინვესტიციო ბანკები, რომელიც მაღალი რისკის შემცველია. დღეს ბანკები თვალთმაქცური გზებით მოქმედებენ, შეიძლება იურიდიულად ისინი რაღაცას აკეთებენ, მაგალითად, გარეთ არეგისტრირებენ თუნდაც სხვადასხვა კომპანიებს, რა თქმა უნდა, ეს თვალთმაქცური ქმედებაა და შინაარსობრივად არაფერს ცვლის. მე ვფიქრობ, ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს არსებული საბანკო მონოპოლიისგან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
წყარო: bfm.ge