ეკატერინე ბატონიშვილი, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის უფროსი შვილი, დაახლოებით უნდა დაბადებულიყო 1812 წელს, სოფელ ნაგომარში. მამია მეხუთემ 1810 წელს ცოლად შეირთო სოფიო გიორგის ასული წულუკიძე (სოლომონ მეორის დედით ბიძაშვილი). პროფესორი იური სიხარულიძე გადმოგვცემს, რომ: "ნაგომარს მამია მეხუთემ მშვენიერი სასახლე ააგო მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე, სადაც იშვა მისი ყველა შვილი. ნაგომარი გურიელების საზამთრო საცხოვრებელი იყო, მაგრამ მამიამ დროებით იქ გადაიტანა სამთავროს ცენტრი და ზამთარ-ზაფხულ იქ იმყოფებოდა, ვიდრე ოზურგეთს ახალი სასახლით და სხვა ევროპული ნაგებობებით არ დაამშვენებდა. მამია მარტოოდენ სასახლით არ დაკმაყოფილდა და სასახლის ახლოს სასნეულო სახლიც (ქსენონი) ააგო. ამ დაწესებულებამ მთავრის სიკვდილის შემდეგაც კარგა ხანს იარსება და მე-XIX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს გაუქმდა. სასახლეც და ქსენონიც ნაგომრის ციხის გალავანში იყო აგებული. ნაგომრის სასახლეშივე გარდაიცვალა მამიას დედაც _ მარინე წერეთელი 1814 წელს" (იური სიხარულიძე, "ეკატერინე ვარდანიძე, მამია V გურიელის ასული". გაზეთი "რაეო", N1, 2015 წელი).
ეკატერინეს დედა _ სოფიო, რაჭის ერისთავ გიორგი წულუკიძის ამაყი ასული იყო. მამია V გურიელს და სოფიოს ჰყავდათ ოთხი ქალი და ერთი ვაჟი: ეკატერინე, ტერეზია, კოჭიბროლა, სოფიო (დედის მოსახელე) და დავითი.
1810 წლის 19 ივნისს ოქროსქედის საყდარში (ასკანა), მამია V გურიელმა რუსეთის ქვეშევრდომობაზე ხელი მოაწერა. სამწუხაროდ, მამია გურიელი რუსეთის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი იყო გურიის სამთავროს გაუქმება და მამია V-ის თავიდან მოცილება. 1824 წელს, მამია გურიელი თბილისის სასახლეში ცუდად გახდა და თითქმის ორი წელი იავადმყოფა. 1826 წლის 21 ნოემბერს იგი ოზურგეთის სასახლეში გარდაიცვალა. სოფიო დედოფალმა მრავალგზის სთხოვა კავკასიის მთავარმართებელს ექიმის გამოგზავნა. ექიმი გამოაგზავნეს, მაგრამ _ დაგვიანებით. ამ დროს ტახტის მემკვიდრე დავითი რვა წლის იყო. დედოფალმა სოფიომ მესამე დღესვე, ისე, რომ არ დაელოდა რუსული ხელისუფლების ნებართვას, გურული თავად-აზნაურობა თავის და დავით ბატონიშვილის ერთგულებაზე დააფიცა, ასკანისა და ლეხაურის ციხეები გაამაგრებინა და ამის შემდეგ აცნობა მთავარმართებელ ერმოლოვს მეუღლის გარდაცვალების ამბავი.
ტახტის მემკვიდრე დავითი მცირეწლოვანი იყო, დედაკაცის მმართველობა კი შეუფერებლად სცნო ერმოლოვმა და საქმის განსაგებლად შექმნა დროებითი საბჭო, რომელიც შედგებოდა თავადებისგან; საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა "მთავრინა" სოფიო. სოფიო გრძნობდა, რომ სამთავრო ხელიდან ეცლებოდა, რადგან ერმოლოვმა საშინელი შუღლი და მტრობა, მაბეზღარობა ჩამოაგდო, როგორც მთავრინა სოფიოს, ისე მის "რჩევის" წევრ თავადებსა და წარჩინებულთა შორის. ასეთ ვითარებაში სოფიომ ოჯახის წევრების და ერთგული პირების თანხლებით, ოზურგეთის სასახლე დატოვა და ქონება, რისი წაღებაც შეძლო, თან წაიღო. დედოფალი ერთ ხანს მაკვანეთში შეჩერდა, შემდეგ კი ლეხაურის ციხეში გადავიდა. ოზურგეთი და ასკანის ციხე რუსის ჯარმა დაიკავა. გენერალ გესეს სოფიოს ხელში ჩაგდება ჰქონდა ნაბრძანები და მისი სიფხიზლის მოსადუნებლად ხალხს გამოუცხადა: მე გურიაში იმიტომ შემოვედი, რომ აქაურ ლაშქართან ერთად, თურქეთზე გავილაშქროო. მან სოფიოს შეუთვალა: ოზურგეთში დაბრუნდი, რომ ქვემო გურიის განთავისუფლების გეგმა ერთად შევადგინოთო. სოფიო გესესთან გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ დავით მაჭუტაძემ გადააფიქრებინა.
პირველ ოქტომბერს ღამით, დედოფალმა ლეხოურის ციხე დატოვა და ქობულეთში, თურქ სარდალ ოსმან ბეგთან მივიდა. ლეხაურის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. ციხეში მას დახვდნენ სოფიოს მცირეწლოვანი შვილები: სოფიო და ტერეზია. უფროსი შვილები _ დავითი და ეკატერინე დედოფალს თან ჰყავდა წაყვანილი. დედოფალთან ერთად თურქეთში წავიდნენ: დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. სოფიომ თან მძევლად წაიყვანა გიორგი ერისთავის შვილები: კონსტანტინე და დავითი; ასევე, გიგო ერისთავის ვაჟი _ ალექსანდრე.
გესე გაქცეულებს კვალდაკვალ მიჰყვა, მაგრამ დედოფალმა გაასწრო. 15 ოქტომბერს რუსეთის ჯარი წმინდა ნიკოლოზის სიმაგრესთან (შეკვეთილთან) შეებრძოლა თურქეთის ჯარს და გაიმარჯვა, მაგრამ წინ აღარ წასულა. სოფიომ დაინახა, რომ ქობულეთში საშიში იყო და ტრაპიზონს წავიდა (ვ. ჩხატარაიშვილი, "გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან", გვ.91-92).
სოფიო გურიელს ქობულეთში ბევრი მოყვარე და ახლობელი ჰყავდა და დიდი სიყვარულით მიიღეს. დედოფალს გულთბილად შეხვდა ქობულეთში მდგარი ოსმალეთის ჯარის უფროსი ოსმან ბეგიც. სოფიო ფიქრობდა ქობულეთში დარჩენილიყო, მაგრამ როდესაც რუსის ჯარები ქვემო გურიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, იძულებული გახდა ქობულეთი დაეტოვებინა და ტრაპიზონისკენ წასულიყო. მისი მარშრუტი ასეთი იყო: სოფიო ჯერ ბათუმში ჩავიდა, შემდეგ გონიოში, გონიოდან კი _ ტრაპიზონში.
როგორც კი დატოვა სოფიომ გურია, გენერალი გესე მაშინვე შევიდა გურიაში, დაიჭირა უმთავრესი ადგილები და ოზურგეთში განაწესა დროებითი მმართველობა. მთავრინას გურიაში დარჩენილები შვილები სოფიო და ტერეზია, მოგვიანებით პეტერბურგში გაგზავნეს. მთავარმართებელ პასკევიჩის მოხსენების შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა გამოსცა ბრძანება 1830 წლის იანვარში: "ყოველთა გურიის თავადთა, მთავრინასა განტოლვილთა, აღეკრძალოს მამულად თვისად უკუ მოქცევა, ხოლო მემკვიდრესა დავითს და დასა მისსა, განეცხადოს ტრაპიზონის კონსულ ბალიოზის მიერ, რომელ მონაწილეობისთვის საქმეთა შინა დედისა თვისისა, მოსპობა მათ ყოველივე სიმართლე, ვითარცა სამკვიდრებლისა ზედა, რომელსა ეკუთვნის მათ" (ო.ი.მ. ფ.ს.N182, გვ.31).
ტრაპიზონის ფაშამ დედოფალი და მისი ამალა განათავსა ტრაპიზონთან ახლოს, სოფელ პლატანაში. მთავრინა სოფიოს ერთადერთი საფიქრალი და სადარდებელი იყო მშობლიური გურია. მას დიდი იმედი ჰქონდა ოსმან ფაშას დახმარებისა, მაგრამ, როდესაც რუსეთმა არზრუმი აიღო და რუსეთის ზარბაზნებმა ტრაპიზონის ახლოს იქუხა, სოფიო მიხვდა, რომ პორტას, რომელმაც წააგო ყოველი სამხედრო საქმე და დამარცხდა რუსეთთან, აღარ ეცალა მისთვის.
მთელ ოსმალეთში სილამაზით სახელგანთქმული სოფიოს და განსაკუთრებული სიმშვენიერით მოსილი ეკატერინეთ მოხიბლული ოსმან ფაშა არაფერს ზოგავდა მათ პატივსაცემად. მთავრინამ კარგად იცოდა ოსმან ფაშას ასეთი "კეთილი განწყობილების" მიზეზები, ამიტომ, პატივს სცემდა რა საკუთარ ღირსებას, კარგად იჭერდა თავს ფაშას მიერ შემოჩენილ საამისოდ სპეციალურად დახელოვნებულ პირთა მახეებისგან. ოსმალეთის ომის წაგებამ იმედი დაუკარგა სამშობლოში დაბრუნებისა. სოფიოს ტანჯავდა მწუხარება, რომ მან სამშობლოდან წამოიყვანა შვილები; ნაცვლად სამშობლოში დაბრუნებისა, საქმე სიცოცხლისა და ღირსების დაკარგვისკენ მიემართებოდა. ასეთ მტანჯველ და განსაცდელ მომენტში, სოფიო პლატანაში 1829 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა. ფიქრობენ, რომ ეს ხელოვნურად იყო მოწყობილი).
დავითი და ეკატერინე, უმფარველოდ, უცხო ქვეყანაში, სხვა სარწმუნოებისა და ზნეობის ხალხში ობლად დარჩნენ. ახლა ბავშვების იმედი იყო დავით მაჭუტაძე, რომელსაც თავისი გეგმები ჰქონდა: ძლიერი სულთნის ეკატერინესთან დაქორწინებისგან მოელოდა გურიისთვის მრავალ სარგებელს და იმედს.
სწორედ ახლა იწყებოდა ეკატერინე ბატონიშვილის ენით აუწერელი ტანჯვა-წამება. ოსმან ფაშას ბრძანებით, ბავშვები სტამბოლში წაიყვანეს. 16 წლის ეკატერინე იშვიათი სილამაზის ყოფილა. მისი თანმხლები აზნაური იასე დოლიძე ასე აღწერს ეკატერინეს სიმშვენიერეს: "თუმცა მრავალი შეწუხება გადახდა გურიიდან გამოსვლის შემდგომა, მაგრამ ძნელად შეეფერებოდა რაიმე პირის ფერისა და კანის ნარნარებასა მისსა; უმშვენიერესი შავნი თვალნი მისნი, მოხდენილი შავით წამწამებითა და შავად მშვენის წარბებითა, მოასწავებდნენ რაღაც სახიერებას და ესრეთს მაღალს კეთილშობილებისა მისის გიშრის თმებითა, რომე თითქმის გზენეულ ყოფდნენ ვისაც შეხედავდა; ამასთან, ისეთი სიცოცხლე გამოღვიოდა იმ თვალებიდან, რომ იმათ ელვარებას ძნელად ითმენდნენ; მაღალი და მშვენივრად მოყვანილი ტანი მისი განაცხადებდა მარადის დიდებასა, რომელსაც ყოველნი უნებურად ეკეთილ მოწიწეობდნენ" (ო.ი.მ.ს.N182, გვ.33).
როგორც აღნიშნავენ, ეკატერინე ბატონიშვილი მაგარი ხასიათისა და მტკიცე ნებისყოფის იყო. მას ჰქონია დედისგან დალოცვილი პატარა ღვთისმშობლის ხატი, ხის ნაწილზე მამის ხელით გაკეთებული და ორივე მშობლის ამ ერთ სახსოვარს "ზეციურ წმიდის მფარველობით" ინახავდა ტანსაცმლის ქვეშ გულზე დაკიდებულს და მასზე ლოცულობდა თავისუფალ დროს. ერთ დღეს, პატარა დავითმა გადასცა სულთნის ბრძანება, რომლის მოსმენაზე, თითქოს, მეხი დაეცაო, შეძრწუნდა. "დავიღუპეთ, ძმაო,"_ უთხრა დავითს და გულში მაგრად ჩაიხუტა. ყველაფერს მიხვდა და ჭკვიანმა ეკატერინემ ასეთ ხერხს მიმართა: განიზრახა მორთულიყო ულამაზოდ, პირზე წაისვა შავი და დრუკი ფერუმარილის მსგავსი, შეიმოსა ძალზე ცუდად, შებრუნებული ტანსაცმლით და ამგვარად მორთული გაჰყვა თავის ძმას სულთანთან. სულთანთან შევიდა არმოსაწონი გარეგნობით უსიამოვნო სიარულით, კოჭლობით, კისერგადანგრევით და თვალებდახრილი.
"ოჰ, რა ყმაწვილი ყოფილა," _ თქვა სულთანმა დავითზე და თავზე ხელი გადაუსვა. "ნუ გეშინია, პატარა გურიელო, მე გპირდები ჩემს მოწყალებას. გზას ხომ არ შეუწუხებიხართ? შენი და როგორ არის?" და მოიხედა ეკატერინესკენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილობა. სულთანმა დავითს აჩუქა რამდენიმე ქესა რუბი, წვრილი ოქროები და აკოცნინა ხელზე. გაისტუმრა და ჩააბარა მის დაახლოებულ პირს სერასკირ ხოსროვ ფაშას.
ეკატერინე გუნებაში ზეიმობდა, რომ ცბიერებით საწადელს მიაღწია და საფრთხე აირიდა. თავად ცბიერი სულთანი დააეჭვა დავითის სილამაზემ და ეკატერინეს შეუხედაობამ. ეკატერინე მეორე დღეს გადაიყვანეს ხოსროვ ფაშას ბინაზე და ჩააბარეს მის პირველ ცოლს, რომელსაც საგანგებო დავალება ჰქონდა მიცემული: უნდა მოეგო ეკატერინეს გული და სულთანს ცოლობაზე დათანხმებოდა. ეკატერინეს შეუჩინეს მრავალი გამოცდილი მაცდური, პირფერი მაჭანკალი, მაგრამ მისი პასუხი ყველაფერზე ცივი უარი იყო. ამის შემდეგ, ეკატერინე გადაიყვანეს ცალკე სერალში, სადაც დავითსაც აუკრძალეს მისვლა.
ერთ დღეს დავითს მიუტანეს ეკატერინეს ხატი და უთხრეს, მისთვის საჭირო არ არისო. დავითი გაფითრებულა და უფიქრია, იქნებ გათათრდაო. მაჭუტაძე და დოლიძე ერთმანეთს არ უტყდებოდნენ და ფიქრობდნენ, იქნებ მოკვდაო. ორი დღის შემდეგ, ხატი ისევ მოითხოვეს. ერთი კვირის შემდეგ, ყიზლარ აღას მოახლე კაცმა იესე დოლიძე იკითხა და უთხრა: "შენ შეგიძლია ნახო ბატონიშვილი ეკატერინე. თუ გინდა წაუღე გურული საჭმელი ნება გაქვს". იესე დოლიძე მიიყვანეს სერალში (ამბობენ, იგი უერთგულესი ყმა იყო ეკატერინესი). სადგომში შესულ დოლიძეს, აჩრდილდამსგავსებულმა ეკატერინემ უთხრა, რომ ერთი კვირა არაფერი უჭამია. იესე გაშეშდა.
_ ბატონიშვილი სადაა, ჩემი დავითი? ვერ მცნობ? მე ეკატერინე ვარ, _ და წასკდა მწარე და ჩუმი ქვითინი.
_ გურული პური არ მოგიტანია? _ ჰკითხა ეკატერინემ. დოლიძემ მიართვა მცირე გურული საჭმელი და ღვინო. დოლიძეს ეკატერინე მხოლოდ ხმით უცვნია. იესე დოლიძე გადმოგვცემს ეკატერინეს სიტყვებს: "მარგალიტი თავზე მაყარეს…დამიბნელეს თვალები ოქროთი და ალმასით, მაგრამ ჩემი "ძელი ჭეშმარიტი კი მომპარეს"… ოჰ, რა საშინლად ვიტანჯებოდი მაშინ!……. ორ დღეს სრულებით გადავირიე. როგორ მომაბრუნეს არ ვიცი. კი გავკეთდი, ხომ, განა იესე? საშინლად გავკეთდი ხომ? ძალიან კი ვიმარხვე: არც ერთი ლუკმა პური, არც ერთი წვეთი წყალი არ ჩასულა ჩემს პირში… როგორ მივიკარებდი აქაურ ბოროტებას?! რა საშინელებაა ხვანთქარი. რა საშინლად მძულს მე ის, რომ იცოდე… ძალად უნდოდა, მაგრამ არა _ მაშინ სიკვდილი უმჯობესია. კი,უფლება მრავალი აქვს, მაგრამ მე უფრო ძლიერი არა ვარ იმაზე ვიდრემდის უფალი ჩემთან არის?! როგორ მიხარია, რომ შენი ნახვა მოვახერხე. ვიდრემდის უფალი ჩემთან არის… იასე, რას იტყვი შენ? ოჰ, როგორ მიხარია, რომ შენი ნახვა მოვახერხე. ვერ შეისმენ, უფალო, დრტვინვას ჩემსა, იყავ ნება შენი. იესე! მე ვარ შვილი მამიასი და სოფიოსი და წარვსდგებიცა მათ წინაშე მათ ღირსად შვილად, ეგრეთადვე ქრისტიანად, ვითა იგინი, ეგრეთვე ნამუსიანად, ვითა იგინი… იესე! ილოცე ჩემთვის, სულ ყველას უთხარი, ილოცოს ჩემთვის; ჩემ ძმას უთხარი, ილოცოს ჩემთვის… ხომ ხედავ მტერთა შორის ვარ! ნამუსაყრილ ურწმუნოთა შორის, უსინდისო და თახსირთა შორის… ოჰ,უთუოდ გამაგიჟებს ეს მდგომარეობა… გუშინ კიდევ იყო ჩემთან ხონთქარი, გუშინაც მეალერსებოდა და ბოლოს მაშინებდა, "რომ მოვინათლო, არც მაშინ შემირთავ ჩემო ურიავ!?"_ მკითხა მე. "ოჰ, მაშინ მე ვიქნებოდი პირველი მხევალი თქვენი. კი თუ არა? _ კიდევ მკითხა მან. ჩემ მაგიერ წიაღმყოფ მხოლოდ მკვდარს სხეულს, _ ვუპასუხე მე. მან დამიქნია თავი საშინლად და გავიდა. ოჰ, რა საშინელია, იესევ!" (უცნობი ავტორი "ამბავი კნეინა ეკატერინე ჩიჩუასი, გურიის უკანასკნელი მთავრის ასულისა", ჩაწერილია ტბილისს, 1840 წელს).
წყაროებით ცნობილია, რომ იესე დოლიძესაც ჰპირდებოდნენ ბევრ ოქრო-ვერცხლს ეკატერინესთვის რჩევის მისაცემად, რომ დათანხმებოდა სულთანს, მაგრამ ეკატერინეს არაფრის გაგონება არ სურდა; იესესაც არ სურდა ეკატერინეს გაუბედურება. იესეს ორუჯის (ოსმალთათვის ამ პერიოდში დღე არის ღამე) დროს ნახვაც აუკრძალეს და ეკატერინეს ამბის უცოდინრობამ რამდენიმე თვეს გასტანა. ერთხელაც, იესეს გადასცეს ეკატერინეს წერილი რუსეთის სტამბოლში ელჩისთვის განკუთვნილი, სადაც იგი ითხოვდა შემწეობას რუსი ხელმწიფისგან. როგორც ირკვევა, ეს წერილი დაწვეს და ადრესატამდე ვერ მიაღწია. ეს, დაახლოებით, 1831 წლის პირველი ნახევარი უნდა ყოფილიყო.
ოსმალეთში გადახვეწილი გურული თავად-აზნაურობის სამშობლოში დასაბრუნებლად მრავალი თხოვნა-მუდარის შემდეგ, საქართველოს მთავარმართებლის, ბარონ როზენის თხოვნის საფუძველზე, 1832 წელს რუსეთის ხელმწიფემ ნება დართო საზღვარგარეთ მყოფ გურულებს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ბარონ როზენის თხოვნით, ტრაპიზონელმა ელჩმა ბალიოზმა აცნობა გურულთა მდგომარეობა, რის შემდეგ, როზენმა სთხოვა რუსეთის საგარეო მინისტრს გრაფ ნესელროდეს, რომ დაევალებინა რუსეთის ელჩ ბუტნევისთვის კონსტანტინეპოლში, ეთხოვა სულთნისთვის ნებართვა გურულების სამშობლოში გამოსაშვებად. ნებართვა მიიღეს და ყველა ემზადებოდა წამოსასვლელად. ეკატერინე არ ჩანდა, დავითი ცხარე ცრემლებით ტიროდა. დრო გადიოდა. როცა ეკატერინე მოიყვანეს, მან ვერავინ იცნო: _ ვინა ხარ?_ შესძახა ძმას.
_ საყვარელო დაო! ძმა ვარ შენი, დავითი ვარ!
_ დავითი ხარ? ხვანთქარიც დავითი არ არის?! არა, ავაზაკო! ჰა…ჰა…ჰა…..ოლოლო, ოლოლო… ჩემ მაგიერ, წიაღ უყოფ შენ მხოლოდ მკვდარსა სხეულსა, ჰა, გესმის? გაიგე თუ არა? წარვედინ, წარვედინ ხვანთქართან… ჰოი, გესმით? თქვენც, ეშმაკნო! არ მსურს, არ დავნებდები ცოცხალი! _ ამ საშინელებამ თავზარი დასცა ყველას _ ეკატერინე შეშლილი იყო.
1832 წლის 15 სექტემბერს, ლტოლვილები ოზურგეთში დაბრუნდნენ. 1833 წელს, ტახტის მემკვიდრე დავითი პეტერბურგში გაგზავნეს პაჟთა კორპუსში, რომელიც დაამთავრა 1838 წელს აფიცრის ჩინით და 1839 წელს, დაღესტანში გააგზავნეს შამილის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რუსეთის ხელისუფლებას ამ დროს უკვე მისი მოცილება უნდოდა, თორემ ამ საშინელ სისხლისღვრაში არ გაუშვებდა 19 წლის ტახტის მემკვიდრეს _ დავით გურიელი (1820-1839) დაიღუპა 1839 წელს ახულგოს აღების დროს.
დრო გადიოდა. მძიმე დღეების შემდეგ, ეკატერინე განიკურნა. თუ როგორ, ჩვენთვის უცნობია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ბატონიშვილმა თანდათან დაიბრუნა თავისი ჯანმრთელობა ისე, რომ ახლობლებმა მისი გათხოვება გადაწყვიტეს. ასეთი ახლობელი იყო ოდიშის სამთავროს დედოფალი, ზურაბ წერეთლის ასული მართა, რომელიც დედის მხრიდან მამია V გურიელის ბიძაშვილი იყო.
1834 წელს გამოჩნდა სასიძო ჩიჩუათა გვარიდან _ რუსეთის არმიის ახალგაზრდა ოფიცერი ოდიშის მთავრის სახლთუხუცესი ლევან ჩიჩუა. "გურიელთა მოდგმის მშვენება" (პროფესორი იური სიხარულიძე)_ ეკატერინე მას გაჰყვა ცოლად. ულამაზეს ეკატერინეს ყველა თავს ევლებოდა, მაგრამ უძლიერესი სტრესის გამო, რომელიც სტამბულში ყოფნისას გადაიტანა, მშვენიერი მეუღლის სიყვარული გულს ვერ მიეკარა. ეკატერინე ბატონიშვილი მალე დაქვრივდა. სამთავროს სახლთუხუცესი მოულოდნელად გარდაიცვალა. ლევან ჩიჩუას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ არსებობს. პროფესორი იური სიხარულიძის ვარაუდით, ეს უნდა ყოფილიყო დიდი დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა იმ დროს ოდიშის სამთავროს კარზე ჩიჩუათა უპირატესობის აღმოსაფხვრელად; ჩიქოვანებმა მართლაც მიაღწიეს საწადელს _ სახლთუხუცესის სახელო, ჩიჩუების ნაცვლად, ჩიქოვანებს გადაეცა. ამ ბრძოლას შეეწირა თუ არა ლევან ჩიჩუა, დანამდვილებით არაა ცნობილი" (ი. სიხარულიძე, "ეკატერინე ვარდანიძე, მამია V გურიელის ასული", გვ.65).
მართა წერეთელმა ეკატერინე მამიას ასული თავის სახლში გადაიყვანა. ეკატერინე ბატონიშვილის და _ ტერეზია, პეტერბურგში იმყოფებოდა. 1837 წელს პეტერბურგში ჩადის ოდიშარი გრიგოლ ლევანის ძე დადიანი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ტერეზია (ტერეზია რუსეთის დედოფლის ფრეილინა იყო). 1840 წელს, ეკატერინე ბატონიშვილი თბილისში ჩავიდა მამის სასახლეში, საიდანაც პეტერბურგში გაემგზავრა. ეკატერინეს თან გაყვნენ იასე გურიელი და ერთი მუნჯი მოახლე ქალი, რომლის ვინაობა ცნობილი არაა, მაგრამ თავის მოვალეობას ერთგულად ასრულებდა.
1840 წელს ეკატერინე ჩავიდა პეტერბურგში. ტერეზია გურიელის და გრიგოლ დადიანის ჯვრისწერა საიმპერატორო კარის ეკლესიაში შემდგარა. ჯვრისწერას ესწრებოდა რუსეთის დედოფალი და თვით იმპერატორი ნიკოლოზ I (1625-1855). იმპერატორი და დედოფალი მეჯვარენი იყვნენ. ალბათ, ეს "სათნოება" ტერეზიას ერთადერთი ძმის _ გურიის ტახტის მემკვიდრე დავითის, ახულგოსთან დაღუპვის გადასაფარად გაიღეს.
1842 წელს, შეუღლებულები ზუგდიდში _ სამშობლოში დაბრუნდნენ. ეკატერინე კი პეტერბურგში დარჩა, დედოფლისა და იმპერატორის მფარველობის ქვეშ და ასე გაგრძელდა ალბათ, ნიკოლოზ პირველის გარდაცვალებამდე. ბარე 15 წელი ეკატერინე ბატონიშვილის ბედი ჩვენთვის უცნობია.
ეკატერინე ბატონიშვილის შესახებ ბევრი ცნობები არსებობს. დავასახელებ ორ საგანგებო ნაშრომს: 1. უავტორო, "ამბავი კნეინა ეკატერინე ჩიჩუასი", 1840 წელი; 2. იური სიხარულიძე, "ეკატერინე ვარდანისძე მამია V გურიელის ასული" (გაზეთი "რაეო", N 1,2,3,4,5,6,7,8, 2015წელი). ასევე, საყურადღებოა ორი წიგნი: ქველი ჩხატარაიშვილის "გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან" (თბ.1985 წ.); თამარ პაპავას "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში" (თბ.1990 წ.).
ზემოთ აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკატერინე ბატონიშვილის მიერ ქრისტიანობის დაცვის გამო მოწამებრივი ცხოვრება და მარტვილობა, წმინდანად შერაცხვას იმსახურებს. ვთხოვთ გურია-შემოქმედის მიტროპოლიტ მეუფე იოსებს (კიკვაძე), დააყენოს საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წინაშე ეკატერინე გურიელის წმინდანად შერაცხვის შესახებ.
მანანა ლომაძე,
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი